ეკონომიკასაქართველო

გაიყიდა თუ არა მდინარე რიონის კალაპოტი და რა შუაშია ჯონ სნოუ?

რიონის ხეობაში 433 მგვტ სიმძლავრის ჰესს თურქული კომპანია „ენკა“ აშენებს. ექსპერტები ამ მშენებლობის ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34-მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და ქუთაისამდე მიაღწევს.

9 მარტს პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტის განხილვა გაიმართა. სხდომას დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე.

მინისტრის თქმით, მდინარის კალაპოტის კერძო საკუთრებაში გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად Enka Renewables-ს („ენკა რინიუებლზ“) კალაპოტი მხოლოდ სარგებლობაში გადაეცა.

„მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია – მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, საუბარია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კომპანიას უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება. მისი თქმით, ინვესტორი კომპანია პროექტის მშენებლობის და მისი ექსპლუატაციის პერიოდში ჯამში 120 მილიონი დოლარის მოცულობის ქონების გადასახადს გადაიხდის.

ყველა საჯარო გამოსვლაში მინისტრი თურნავა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ნამახვანჰესის“ ასაშენებლად საქართველოში 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა პოსტკოვიდური კრიზისის ფონზე.

„ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ესაა საქართველოს 2000-მდე მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ისინი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეები არიან. ჩვენ ცალსახად გვერდში დავუდგებით ამ პროექტს“, – აცხადებს მინისტრი.

სოფელ ნამოხვანში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

პროტესტი განსაკუთრებით რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა, როდესაც თურქულმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, რომელიც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ადგილობრივები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ხოლო მთავრობამ კომპანიისთვის ხეობაში მუშაობაზე გადაცემული ნებართვები და ლიცენზიები გააუქმოს.

პროექტის მოწინააღმდეგეთა თანახმად, ხეობაში სამუშაოები საკმარისი კვლევისა და რისკების სათანადო შეფასების გარეშე დაიწყეს, მათ შორის, შესაბამისად არ შესწავლილა სეისმური რისკები.

მოწინააღმდეგეები ასევე შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობის შედეგად დაიტბორება ახლომდებარე სოფლები, ასევე, განადგურდება იქ არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა, შეიცვლება მიკროკლიმატი, რომელიც საჭიროა ყურძნის გარკვეული სახეობების მოსაყვანად და მათგან განთქმული ქართული ღვინოების, მათ შორის, ტვიშის დასამზადებლად.

„რიონის ხეობის  მცველებს“ სამშენებლო ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი და ამ გზით ცდილობენ მშენებლობის შეჩერებას. ამასთან, ისინი პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებსაც.

ადგილობრივმა აქტივისტმა, აქციების ერთ-ერთმა სპიკერმა ვარლამ გოლეთიანმა მიზანდასახულობით,  არგუმენტირებული საუბრის მანერით და პრინციპულობით საზოგადოების განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა.

Mega TV-მ ლეჩხუმელ ვარლამ გოლეთიანსა და პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ჯონ სნოუს შორის მსგავსება აღმოაჩინა და facebook-ზე ფოტომონტაჟიც გამოაქვეყნა.

 

„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი და ჩრდილოეთის კარიბჭის მცველი ჯონ სნოუ
👉 როგორ ფიქრობთ, ჰგვანან?

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვას ლაკონურად უპასუხა – „ჩვენი ბიჭი ჯობია ❤❤“.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close