იტალიაპოლიტიკა

იტალია: ლიბერალების ლიდერი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა ძინგარეტი (იგი, ამავე დროს, არის ლაციოს რეგიონის პრეზიდენტი 2013 წლიდან) პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. მისი თქმით, „ბოლო დროს პარტიის ხელმძღვანელობაში ყველა დაკავებულია სკამების განაწილებით და არა – პოლიტიკით“ და ამაში მონაწილეობა მობეზრდა.

„მთელი ძალებით ვცდილობდი, მაგრამ ეს კლიმატი ვერ შევცვალე. გვერდზე გავდგი ნაბიჯი, მაგრამ არ გავქრები [პოლიტიკიდან]“, – განაცხადა ძინგარეტიმ.

მისი პოსტიდან წასვლა პარტიის კრებამ უნდა დაადასტუროს. ამ დროისთვის პარტიის შიგნით ცდილობენ, ძინგარეტის გატაწყვეტილება შეაცვლევინონ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

პოპულარული პოლიტიკოსი, ლაციოს რეგიონის გუბერნატორი თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ ამბობს, რომ ამ ნაბიჯით სურს გადაილახოს განხეთქილება დემოკრატიული პარტიის შიგნით, რომელიც გამოწვეულია მარიო დრაგის კოალიციურ მთავრობაში მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიული პარტიის შესვლით „ჩრდილოეთის ლიგასა“ და „ფორცა იტალიასთან“ ერთად.

ძინგარეტი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური მემარჯვენე პარტიის, „იტალიის ძმების“ (ლიდერი – ჯორჯა მელონი) რეიტინგი რეკორდულად იზრდება – Termometro Politico-ს მიერ 26 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, „იტალიის ძმების“ რეიტინგმა რეკორდულ 18,5%-ს მიაღწია. „იტალიის ძმები“ ქვეყნის ერთადერთი დიდი საპარლამენტო პარტიაა, რომელიც მარიო დრაგის „ფართო მთავრობაში“ არ შევიდა და ოპოზიციაში დარჩა.

მეორე ადგილზე მყოფი მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიული პარტია „იტალიის ძმებს“ 1%-ზე ნაკლებით უსწრებს, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის წინათ 2-ჯერ უსწრებდა.

რეიტინგში პირველ ადგილს ისევ მატეო სალვინის მემარჯვენე „ლიგა“ იკავებს 24%-ით, რომელიც „იტალიის ძმებისგან“ განსხვავებით მარიო დრაგის კოალიციურ მთავრობაში შესვლას დათანხმდა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს. რომ ახალ პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის მოსახლეობის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს – 2 მარტს Demopolis-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მარიო დრაგის გამოკითხულთა 66%-მა მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close