პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: ახალი შეზღუდვები ხვალიდან შედის ძალაში

საბერძნეთის მთავრობამ პანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დაამტკიცა, რომლებიც ხვალიდან, 4 მარტის დილის 6 საათიდან შედის ძალაში და 15 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა მოქალაქის დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა.

ახალი შეზღუდვების თანახმად, მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელსაც საბერძნეთის მცხოვრებლები სასურსათო მაღაზიაში (2) ან ბანკში (3) წასასვლელად იყენებენ, ძალაშია მოქალაქის საცხოვრებლიდან 2 კილომეტრის რადიუსში.

მოკლე ტექსტური შეტყობინება 6, რომლის გაგზავნითაც შესაძლებელია სავარჯიშოდ გასვლა, ან შინაური ცხოველის გასეირნება, შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ ფეხით მოსიარულეებმა ან ველოსიპედისტებმა.

რაც შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინებას 4, რომელიც სხვა ადამიანის დახმარების მიზნით გადაადგილებას გულისხმობს, პოლიცია გამოკითხვის გზით დაადგენს მის მიზნობრივად გამოყენების ფაქტს.

განსაკუთრებით გაზრდილი საფრთხის ზონაში ექცევა შემდეგი რეგიონები: ატიკი, აქაია, არკადია, თესალონიკი, ლარისა, ლევკადა, არგოლიდა, კორინთი, თესპროტია, არტა, სამოსი, ბეოტია, ქიოსი, ეტოლოაკარნანია, როდოსი, ევბეა და კალიმნო. აღნიშნულ რეგიონებში გადაადგილება აკრძალულია საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ათენი და თესალონიკი, სადაც გადაადგილება საღამოს 9 საათიდან იზღუდება.

საბერძნეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ახალი შეზღუდვების დაცვის მიზნით გაძლიერდება კონტროლი და დამრღვევები დაჯარიმდებიან.

შეზღუდვების გამკაცრება გამოიწვია იმან, რომ პანდემიის წინააღმდეგ აქამდე მოქმედი ზომების მიუხედავად საბერძნეთში არ მცირდება ეპიდემიის გავრცელების ტემპი. დღეს საღამოს ინფიცირების 2697 ახალი შემთხვევა დადასტურდა (გუშინ – 2353), გარდაიცვალა 40 კოვიდპაციენტი (გუშინ – 23).

დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ათენის ცენტრში დაფიქსირდა. მძიმეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პირეოსის მუნიციპალიტეტშიც. ატიკის ოლქთან ერთად დამძიმებულია მდგომარეობა თესალონიკშიც.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close