საზოგადოება

ქალმა, რომელმაც მკვდრად გამოცხადებულ დას მიაგნო, მაგრამ ვერ უმხელს, დახმარებისთვის „პრაიმტაიმს“ მიმართა

„პრაიმტაიმს“ ქალბატონი შორენა ფხალაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ თვალყურს ადევნებს გამოცემას და იცის, რომ ბევრ ადამიანს ბიოლოგიური ნათესავის მოძებნაში დავეხმარეთ; გვთხოვს, რომ მასაც დავეხმაროთ. შორენას მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვი (შორენას და) სამშობიაროში გარდაიცვალა, თუმცა ოჯახს ამაში ეჭვი ეპარება.

შორენა ფხალაძე:

დედა იყო საკმაოდ ღრმად მოხუცებული, თითქმის სიკვდილის პირას მისული, როცა მთხოვა, შვილის მოძებნაში დავხმარებოდი. მე მანამდე ეს ამბავი არ ვიცოდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ და მყავდა გარდაცვლილი. დედას 1973 წლის აპრილის ბოლოს გაუჩენია გოგონა. იმშობიარა ჩაჩავას სახელობის კლინიკაში და მისი ექიმი იყო მერი ერისთავი.

თურმე მშობიარობის დროს აუწია წნევამ, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა. ბავშვი სულ რამდენიმე წამით აჩვენეს და შემდეგ გაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, დედა ფეხზე ვერ დგებოდა და ამიტომ არ შეეძლო სიარული, რომ ბავშვის სანახავად მისულიყო, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ათ მანეთს ატანდა ექთანს, რომ ბავშვისთვის საკვები შეეძინათ. ისინიც ართმევდნენ, არ უთქვამთ, რომ ბავშვი იყო გარდაცვლილი. დედა ამბავს რომ ეკითხებოდა, ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი კარგად იყო.

ამ პერიოდში მამა ქალაქში არ ყოფილა. ის იყო პროფესიით ინჟინერი და რეგიონში იყო გაგზავნილი. მე პირველი შვილი ვიყავი და სამშობიაროში ყველამ იცოდა, რომ დედაჩემს ერთი შვილი უკვე ვყავდი. რამდენჯერმე შესულა მასთან იურისტი და უკითხავს, ბავშვის დატოვებას ხომ არ აპირებდა.

ერთი გოგონა უკვე გყავს და კიდევ გეყოლება შვილი, თუ დატოვება გინდა, გვითხარიო.

ანუ, იქიდან გამომდინარე, რომ მამას მისთვის არ მიუკითხავს, ამასთან, ბებიები სოფელში ცხოვრობდნენ და დედა, ფაქტობრივად, მარტო იყო სამშობიაროში. ჩათვალეს, რომ უპატრონო იყო, რადგან მომკითხავი არავინ ჰყავდა და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ შეიძლებოდა, რომ ბავშვი დაეტოვებინა. ბავშვის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეატყობინეს ჩემს მშობლებს, როცა მამა რაიონიდან დაბრუნდა და დედას ამ სამშობიაროში მიაკითხა, თუმცა გარდაცვლილი ბავშვი მათთვის არავის უჩვენებია.

მე როცა დედისგან ეს ამბავი გავიგე, მივედი ჩაჩავას კლინიკაში, რომ ჩემი დის შესახებ საბუთები გამომეთხოვა, თუმცა მითხრეს, რომ არქივი დამწვარა. ხანძარი გაჩნდა და როცა ჩააქრეს ხანძარი, რაც გადარჩა, ის საბუთებიც წყალმა დაასველა და გადავყარეთო. წლების შემდეგ ამ კლინიკაში მუშაობა დაიწყო ბიძაშვილმა. მამა მისულა მასთან და უთხოვია, რომ როგორმე საბუთები ენახა, ვინაიდან არ სჯეროდა, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ესეც მას შემდეგ მითხრა ბიძაშვილმა, როცა მამა გარდაცვლილი იყო.

რამდენიმე წლის წინ თანამშრომელი მოვიდა სამსახურში და მითხრა, რომ ენდოკრინოლოგთან ყოფილა და მეგონა, რომ შენ იჯექი ექიმის სავარძელშიო. ძალიან მგავდა თურმე ეს ექიმი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ – ჟესტიკულაციით, ლაპარაკის მანერით, ქცევებით. ჩემი თანამშრომელი ექიმთან მარტო არ ყოფილა მისული, თან ახლდა მეუღლეც, რომელსაც მეც ვიცნობდი და მას უკითხავს – შორენა იყოო? რამდენჯერმე მამიდაჩემსაც ჰქონია შემთხვევა, რომ ვიღაც გოგოს შორენას ძახილით გაკიდებია, თუმცა ახლოს რომ მისულა, აღმოუჩენია, რომ მე არ ვიყავი. მამიდას როგორ შეიძლება, რომ ძმისშვილი შეეშალოს?

მე გავიკითხე ამ გოგონას შესახებ, ისიც დაბადებულია 1973 წელს და დაბადების მოწმობაში დაბადების თარიღად უწერია პირველი მაისი. იმ შემთხვევაში, როცა ბავშვებს აშვილებდნენ, ხდებოდა ხოლმე თარიღის გადანაცვლება. დედამ იმშობიარა აპრილის ბოლოს და გოგონა გატარებულია პირველ მაისს. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ იყოს ჩემი და, თუმცა რაც მაფიქრებს, ის არის, რომ საკმაოდ ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. ანუ თუ ეს გოგონა იშვილეს, მისი მშვილებელი მშობლები იქნებოდნენ ძალიან ახალგაზრდები – დაახლოებით 23-24 წლისები და ასეთ ასაკში არ ხდება ხოლმე ბავშვის აყვანა, ვინაიდან მაინც იმედი აქვთ, რომ თავისი შვილი შეეძინებათ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მისი მშობლები ექიმები არიან და ადრეულ ასაკშივე იცოდნენ, რომ მათ შვილი არ შეეძინებოდათ და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ ბარემ ახალგაზრდებს აეყვანათ შვილი.

არის ძალიან ბევრი დამთხვევა: რომ არის ჩემზე ერთი წლით უმცროსი, დედისერთა, დაბადების დღე აქვს პირველ მაისს და გარეგნულადაც ძალიან მგავს. საქმე ის გახლავთ, რომ მე არ შემიძლია, დაზუსტებით ამის მტკიცება, რომ ეს გოგო ჩემი და არის. მე მასთან ვერ მივალ და ვერაფერს ვეტყვი, რადგან თუ ნამდვილად ნაშვილებია, ისიც არ ვიცი, იცის თუ არა მან ამის შესახებ. დედისერთაა და საკმაოდ ცნობილი მშობლების შვილია. შესაძლოა, საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდეს იმის შესახებ, რომ მათი შვილი არ არის. ეს იქნებოდა დიდი დანაშაული, ჩემი მხრიდან. მეორე, იქნებ მართლაც არ არის  ნაშვილები და ჩემი ვიზიტის შემდეგ რომ მასა და მშობლებს შორის  წარმოიქმნას ბზარი, ესეც დიდი დანაშაული იქნება. თქვენ იმიტომ მოგვმართეთ, რომ მინდა, გამოაქვეყნოთ ეს ყველაფერი, კონფიდენციალობის დაცვით, ვინაიდან თუ ვინმე ამ საქმეში მონაწილეობდა ან ამბავი ეცნოთ, იქნებ მოიღონ მოწყალება და თქვან, რომ ნამდვილად ნაშვილებია და მომცენ დასთან ურთიერთობის საშუალება.

p. s. გასაგები მიზეზების გამო ვერ ვაქვეყნებთ სავარაუდო დის ფოტოებს, მაგრამ გვერწმუნეთ, მსგავსება მართლაც დიდია.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close