ფსიქოლოგიაშეუცნობელი

მოგზაურობა ძილის საუფლოში – წინასწარმეტყველური სიზმრები

ძილის საუფლო და მისი მუდმივი თანამგზავრისიზმარი ჯერაც სათანადო კვლევის პროცესშია, თუმცა მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ სიზმარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ცხოვრებაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სიზმარში ნანახი ცხადში ახდენილა და დღეს სწორედ ასეთი ფაქტების შესახებ გვექნება საუბარი, თუმცა სანამ საკითხს კონკრეტულად შევეხებოდეთ, რამდენიმე არსებითი ხასიათის მოსაზრებასა თუ ისტორიულ ცნობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 350 წლით ადრე არისტოტელემ, როდესაც ცდილობდა გაეაზრებინა, რა და რატომ ხდება ძილის დროს, დაწერა ტრაქტატი „ძილის და სიფხიზლის შესახებ“. მთელი მომდევნო  2300 წლის განმავლობაში ძველბერძენი ფილოსოფოსის კითხვები უპასუხოდ რჩებოდა, სანამ 1924 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა ჰანს ბერგერმა ელექტროენცეფალოგრაფი არ გამოიგონა – ტვინის ელექტრული აქტიურობის დასარეგისტრირებელი ხელსაწყო – და მაშინ ძილის შესწავლა ჩვეულებრივი მეცნიერული კვლევის სფეროში გადავიდა.

ფოტო ვიკიპედიიდან

მხოლოდ ბოლო ათწლეულებია, რაც ტომოგრაფიამ საშუალება მისცა მეცნიერებს, უფრო აქტიურად დაუკვირდნენ პროცესებს და მივუახლოვდით იმ დროს, როდესაც არისტოტელეს შეკითხვებს პასუხი გაეცემა, თუმცა მართალია ძილის ფაზების, მათი ხანგრძლივობის, მონაცვლეობის და სხვადასხვა პროცესის შესახებ ინფორმირებულობის კუთხით მეცნიერებამ საგრძნობლად წინ წაიწია, მაგრამ ძილი და სიზმარი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ფენომენია, რომელიც ადამიანს უკავშირდება.

ძილის დროს ხშირად ადამიანს გონება უცებ ეხსნება. გონება მუშაობს ან საკუთარი ნებით ან დღის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციით. უცხოელ მკვლევართა მტკიცებით, ყოველი მეორე-მესამე სიზმარი გვამცნობს, რაც უნდა მოხდეს ან უკვე მოხდა. სიზმრის მინიშნებით ადამიანი საშუალოდ სამი-ოთხი სიმბოლოს დამახსოვრებას და გაანალიზებას ახერხებს. გარდა ამისა, დადგენილი ფაქტია, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ადამიანებს საშუალოდ ცხრა საათი ეძინათ, ამჟამად კი ეს დრო 1,5-2 საათით შემცირდა. ძირითადად, ეს დაკავშირებულია ელექტრული განათების, აგრეთვე, ტელევიზორების, კომპიუტერებისა და სმარტფონების გავრცელებასთან. ძილი თითქოს ხელს გვიშლის ჩვენს საქმიანობასა და გართობაში. ჯერ კიდევ თომას ედისონი, ნათურის გამომგონებელი, ამბობდა: „ძილი – აბსურდია, მავნე ჩვევა“.

არადა, სრულფასოვანი ძილის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის, დღეგრძელობისა და გონებრივი მუშაობისთვის დღეს არავინ დავობს. ამერიკელებმა დაახლოებით მილიონი თანამემამულე გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც ოთხი საათით ნაკლები სძინავთ, სიკვდილიანობა ორჯერ მაღალია.

ძილის მიხედვით ადამიანებს ორ ჯგუფად ყოფენ: ტოროლად და ბუდ. ის, ვინც ღამე ფხიზლობს, ბუა, ხოლო, ვინც დილით ადრე დგება – ტოროლა. ძილის დროს ადამიანი სამოცჯერ იცვლის პოზიციას, ზოგ შემთხვევაში კი ეს რიცხვი ექვსასს აღწევს, რაც ადამიანის ძლიერ ნევროზულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

მოცარტი ძილში ისმენდა სიმფონიებს, პუშკინი ლექსებს ხედავდა სიზმრად, სალვადორ დალიმ ფერწერული ტილოების გამოხმობა ისწავლა თვლემის სამყაროდან, – იგი იატაკზე ხილით სავსე ჯამს დგამდა, ხელში ჩაის კოვზს იღებდა და ჩვეულებრივი ყოფითი შთაგონებით მუზის სამყაროში გადადიოდა…

და ასეთი ფაქტი უამრავია…

წინასწარმეტყველური სიზმრები

სხვადასხვა მაგიური სკოლის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, სიზმრის საშუალებით მიეღოთ სასურველი პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე ანუ გამოეწვიათ წინასწარმეტყველური სიზმრები.

საზოგადოდ, შემჩნეული იყო, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები მერკურის გავლენის შედეგად ჩნდება, თუმცა მათი გამოწვევა მთვარის გავლენითაც მიიღწევა.

მაგიის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე საშუალება, რომელიც ხელს უწყობდა ხედვების წარმოქმნას. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას ეგრეთ წოდებული სიზმრის ბალახი წარმოადგენდა, რომელსაც ძილის დროს ბალიშის ქვეშ იდებდნენ. ამ ბალახს დღეს ველის მედგარას (ლათ. Pulsatílla pátens) უწოდებენ. მას მაისში დილით ადრე კრეფდნენ თავის მოყვითალო ყვავილებთან ერთად, სუფთა წყალში ინახავდნენ და სავსემთვარიანობის დროს ბალიშის ქვეშ იდებდნენ. წინასწარმეტყველური სიზმარი ადამიანს მომავალი საფრთხის ან ბედნიერების შესახებ აუწყებდა. უკანასკნელ პერიოდში ამ ბალახის მოძებნა გაძნელდა – ის გადაშენების საფრთხის წინაშეა და ბევრ ქვეყანაში წითელ წიგნშია შეტანილი.

Pulsatílla pátens

გარდა ამისა, უშუალოდ ძილის წინ იღებდნენ კვადრატული ფორმის თეთრი ფერის ქაღალდს და მასზე იმ კითხვას წერდნენ, რომელზე პასუხიც აინტერესებდათ. ქაღალდს ოთხად კეცავდნენ და ტოპრაკში ათავსებდნენ, რომელშიც მცენარე ავშანი იყო ჩადებული. ამ ტოპრაკს ბალიშის ქვეშ იდებდნენ და თუ ყველაფერს სწორად შეასრულებდნენ, მათთვის საინტერესო კითხვაზე ძილში იღებდნენ პასუხს.

წინასწარმეტყველური სიზმრების ხელოვნურად გამოსაწვევად საუკუნეთა შორეთიდან სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა საშუალება ჰქონდა: ჩინელებს – ოპიუმი, აცკეტებს – პეიოტლი, ძველ ბერძნებს – სომა, ციმბირის შამანები კი სოკოს ნაყენით სარგებლობდნენ. ძველი იუდეველები, რომელთაც სიზმარში ბედისწერის გაგება სურდათ, კუბოებს შორის იძინებდნენ. ბაბილონის ქურუმები კი ღვთაება ბელის ტაძარში მიდიოდნენ და ცხვრის ტყავისგან დამზადებულ განსაკუთრებულ საწოლებზე იძინებდნენ…

ძნელია თქმა, რამდენად წარმატებული იყო ეს ექსპერიმენტები, მაგრამ შედეგი რომ არ მიეღოთ, ალბათ შეწყვეტდნენ მსგავს რიტუალებს..

ისტორიული ფაქტები და ლეგენდები

ახლა კი კონკრეტულად ცხადში ახდენილ სიზმრებზე გადავიდეთ და ამ მოვლენის დამადასტურებელი ცნობილი ფაქტები გავიხსენოთ, უპირველესად კი, ალბათ საქართველოს პირველი მეფის – ფარნავაზის სიზმარს უნდა შევეხოთ.

ფარნავაზ პირველი

ფარნავაზის სიზმარს ქართული ისტორიოგრაფიის ყველა წყარო ცნობს და ლეგენდის, მითის სამოსელი ჩამოცილებული აქვს. მკითხველს უთუოდ ახსოვს სიზმრის შინაარსი: თითქოსდა ფარნავაზი ერთ უზარმაზარ სახლში იყო, საიდანაც გარეთ ვერაფრით გადიოდა. მაშინ სარკმლიდან შემოიჭრა მზის სხივი, წელზე შემოერტყა, გაიზიდა და სარკმლიდან გაიყვანა. როდესაც მზე ველზე გავიდა, ფარნავაზმა იხილა იგი დადაბლებული, ხელით შეეხო მზის პირს, მოხოცა ცვარი და იცხო სახეზე. გამოღვიძებულმა ფარნავაზმა თავად ასე ახსნა ეს სიზმარი: ალბათ დედაჩემის სამშობლოში ჩასვლის შემდეგ ამიხდება – იქ სიკეთით ვიქნებიო.

იმ დღეებში ფარნავაზი სანადიროდ გაემართა და დიღმის ველზე ირმებს გაეკიდა. ირმები თბილისის ხრიოკებისკენ გაიქცნენ, გაეკიდა ფარნავაზი, სტყორცნა ისარი და მოახვედრა ირემს, რომელმაც ცოტა კიდევ გაირბინა და კლდის ძირას დაეცა. ამასობაში დაღამდა, ჩამოქვეითდა ფარნავაზი და ირემთან გადაწყვიტა ღამის გათენება. ამ დროს ძლიერ გაწვიმდა. კლდის ძირში ფარნავაზმა ამოქოლილი გამოქვაბული შეამჩნია და კარი გამოარღვია, რათა სიმშრალეში შესულიყო. შევიდა შიგნით და „იხილა განძი მიუწვდომელი, ოქრო და ვერცხლი უთვალავი, ჭურჭელი ოქრო-ვერცხლისა“. ძლიერ გაუკვირდა, აღივსო სიხარულით და სიზმარი გაახსენდა. ისევ ამოქოლა გამოქვაბულის კარი და, სახლში დაბრუნებულმა, ეს ამბავი დედას და თავის ორ დას უამბო. ამის შემდეგ ფარნავაზმა განძის დახმარებით დაამარცხა ბერძენი აზონი და ბიძის ტახტი დაიბრუნა. ამ ბრძოლაში ფარნავაზს ეგრისის საერისთავოს გამგებელი – ქუჯი ეხმარებოდა.

ასე ახდა საქართველოს პირველი გამაერთიანებლის – მეფე ფარნავაზის სიზმარი.

ინგლისის მეფე რიჩარდ მესამემ სიზმარში თავისი სიკვდილის ფაქტი ნახა. მეორე დღეს იგი ბრძოლაში დაიღუპა.

პლუტარქეს თანახმად, იულიუს კეისრის მკვლელობის წინა დღეს მისმა ცოლმა აქვითინებულმა გაიღვიძა, რადგან სიზმარში ნახა, რომ მკლავებზე მოკლული ქმარი ესვენა. კეისარს სენატში შესვლამდე წერილი მიაწოდეს და სთხოვეს, მაშინვე წაეკითხა, მან კი ეს არ გააკეთა. მას რომ ცოლის მუდარისთვის დაეჯერებინა და იმ დღეს სენატში არ წასულიყო, ან წერილი წაეკითხა, სადაც შეთქმულთა ანგარიშსწორებაზე იყო საუბარი, შესაძლოა სიკვდილი თავიდან აეცილებინა, მაგრამ… იმ დროის მსოფლიოსთვის იულიუს კეისრის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ რომში მაცნენი აფრინა, რომელთაც დაავალა გაეგოთ, მართალი იყო თუ არა ეს ამბავი.

ნილს ბორმა სიზმარში აღმოაჩინა ატომის მოდელი, რომელმაც თანამედროვე ფიზიკაში გადატრიალება მოახდინა.

დმიტრი მენდელევმა ელემენტების პერიოდული სისტემა სიზმრის მეშვეობით ჩამოაყალიბა.

სიზმარშია აღმოჩენილი სპილენძზე გრავირების პრინციპი, თანაც მეტად უცნაურ გარემოებაში. ინგლისელი პოეტი უილიამ ბლეიკი საკუთარი ლექსების გრავიურებით ილუსტრირებას ახდენდა. საგრავიურო დაფების დამზადების ტექნიკა ძალზე რთული და ძვირადღირებული იყო, ამიტომ პოეტი ამ პრობლემის იაფფასიან გზას ეძებდა. ერთხელ სიზმარში გარდაცვლილი ძმა – რობერტი გამოეცხადა, რომელმაც  დაწვრილებით აუხსნა, თუ როგორ შეიძლება სპილენძზე გრავირების მომზადება. მეორე დილას ბლეიკმა ცოლს უკანასკნელი ნახევარი კრონი გადასცა, რათა მას ყველა ის აუცილებელი მასალა ეყიდა, რომელიც გარდაცვლილმა ძმამ სიზმარში ჩამოუთვალა. მანამდე სპილენძზე გრავირების ტექნიკა სრულიად უცნობი იყო, ბლეიკთან კი მან სრულყოფილებას მიაღწია.

დანტეს გარდაცვალების შემდეგ მისმა ახლობლებმა აღმოაჩინეს, რომ „ღვთაებრივი კომედიის“ სრულ ტექსტს „სამოთხის“ დამამთავრებელი თავი აკლდა. ერთი თვის ამაო ძებნის შემდეგ, როდესაც მისი პოვნის ყოველგვარი იმედი დაეკარგათ, დანტეს ერთ-ერთ ვაჟს დაესიზმრა მამა, რომელმაც შვილს ხელი მოჰკიდა, ყოფილი სახლის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და ფანჯრის რაფაზე ფარდის უკან მიუთითა: „ის, რასაც ამდენი ხანია ეძებ, აქ არის“. შუაღამის მიუხედავად დანტეს ვაჟი მეგობრებთან ერთად იმ სახლში წავიდა, სახლის ახალი პატრონი გააღვიძა და მამის მიერ მითითებულ ოთახში, ფარდის უკან მართლაც აღმოაჩინა დაწერილი ფურცლებს დასტა. ეს „ღვთაებრივი კომედიის“ უკანასკნელი თავი იყო.

მოცარტი აღიარებდა, რომ მუსიკალური იდეები უნებლიეთ, სიზმარში უჩნდებოდა.

ჰოფმანი ხშირად ეუბნებოდა თავის მეგობრებს: ფორტეპიანოსთან ვმუშაობ თვალდახუჭული, ავსახავ იმას, რასაც ვიღაც გვერდიდან მკარნახობს.

ვოლტერმა ძილში ჩაიფიქრა პოემა „ანრიადა“ (”La Henriade”).

ნიუტონი და კარდინი ძილში ხსნიდნენ მათემატიკურ ამოცანებს.

პოეტი მიხეილ ლერმონტოვი მოცალეობის ჟამს მათემატიკას ჩაჰკირკიტებდა. ერთხელ რთულ ამოცანასთან ჭიდილით დაღლილს ჩაეძინა და სიზმარში უცნობი კაცი ნახა, რომელმაც უკარნახა, როგორ ამოეხსნა ამოცანა. ლერმონტოვმა პასუხი გაღვიძებისთანავე ჩაიწერა და, ამასთან, უცნობის პორტრეტიც დახატა. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც პორტრეტი სპეციალისტების ხელში მოხვდა, მასში ლოგარითმების ავტორი ჯონ ნეფერი შეიცნეს. იგი მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდა. როგორც ამტკიცებენ, შეუძლებელი იყო, ლერმონტოვს მის გარეგნობაზე კი არა, საერთოდ, არსებობაზე ჰქონოდა წარმოდგენა.

გერმანელ ბიზნესმენს ჰაინრიხ შლიმანს ლეგენდარული ტროა სიზმარმა აღმოაჩენინა.

ტროის გათხრები

ამერიკელი მეცნიერი თომას ედისონი, რომელსაც ეკუთვნის ვარვარების ნათურის და ფონოგრაფის გამოგონებები, ყოველ საღამოს ადგენდა კითხვებს, რათა მათზე პასუხი ძილში მიეღო.

საინტერესოა ჯორჯ ვაშინგტონის მსახურის, ენტონი შერმანის ნაამბობი, რომელიც მრავალი წლის შემდეგ იხსენებდა: „ერთხელ გენერალი ძალიან აფორიაქებული იყო, ვკითხე: „მოხდა რაიმე, გენერალო?“ – ვაშინგტონმა მიპასუხა: „დღეს შუადღისას მაგიდასთან ვიჯექი და ფოსტას ვათვალიერებდი, უცებ უცნაური გრძნობა დამეუფლა, თავი ავწიე და დავინახე, რომ ჩემ წინ ძალიან ლამაზი ქალი იდგა. მან მითხრა: „უყურეთ და იფიქრეთ“, – და თან ამ სიტყვებზე აღმოსავლეთისკენ მიმანიშნა, სადაც თეთრი ნისლი წარმოიქმნა. ბურუსში ძნელად იკვეთებოდა სურათები, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო – ყველა კონტინენტი, ქვეყნები და ქალაქები თავდაყირა დადგა. უცებ სამი სიუჟეტი დავინახე. თავდაპირველად ევროპასა და ამერიკას შორის ანგელოზის სხეული აღიმართა. იგი ხელით იღებდა წყალს ოკეანიდან და ორივე კონტინენტს აპკურებდა. ამერიკის კონტინენტისა და ევროპის თავზე ღრუბლები გამოჩნდა, რომლებიც ერთმანეთის შესახვედრად გაემართნენ. შემდეგ ისინი ღრუბლებს შეუერთდნენ და ისევ ამერიკისკენ წავიდნენ“.

გენერალმა ვაშინგტონმა ეს ასე ახსნა – გარდაუვალი იყო შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა. მეორე სიუჟეტი მშვიდობასა და ქვეყნების აყვავებას მოასწავებდა, თუმცა ეს სურათი მალე შეიცვალა და შავი მოჩვენება წამოიმართა, რომელიც აფრიკისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლოს ისევ ამერიკას დაუბრუნდა. ვაშინგტონმა ეს ასე ახსნა: „ეს სურათი აშშ-ის ბატონობას გამოიწვევს!“ შემდეგ ისევ ანგელოზი გამოჩნდა, რომელსაც თავზე ეწერა სიტყვა „კავშირი“, მან ამერიკელთა დროშა ბრძოლის ველზე დაარჭო და თქვა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ ძმები ხართ!“ ამის შემდეგ ყველა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა და ბრძოლის ველზე ჩარჭობილი დროშის გარშემო გაერთიანდნენ.

მესამე ჩვენება ვაშინგტონის მომავალს წინასწარმეტყველებდა. ანგელოზმა სამჯერ აპკურა წყალი აზიას, აფრიკასა და ევროპას, უცებ სამივე კონტინენტიდან შავი ღრუბლები გამოჩნდა, რომლებიც ასევე გაერთიანდნენ, რამდენიმე წუთში კი მასზე წითელი ვარსკვლავი აენთო. გენერალმა დაინახა, რომ ხალხი ამერიკის მიწაზე ყველაფერს ანადგურებდა. „უყურეთ და იფიქრეთ, – ისევ გაიმეორა ლამაზმა ქალმა, – ამერიკა მზად უნდა იყოს სამი საშინელი გამოცდისთვის. მესამე ყველაზე მძიმე იქნება. ითვლება, რომ პირველი და მეორე წინასწარმეტყველება XVIII და XIX საუკუნეებში აუცხადდა ამერიკას, მესამე კი მომავლის ხვედრია…“

როგორ მოვიქცეთ არასასურველი სიზმრის ნახვის შემთხვევაში?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიზმრები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მათი ძირითადი ნაწილი დღის განმავლობაში მომხდარი ფაქტების და მოვლენების ერთგვარი გაგრძელებაა, ნაწილი კი – წინასწარმეტყველება მომავალზე, რომელიც უდიდესი ინტერესის საგანს წარმოადგენს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებლია ის ფაქტი, რომ სრულდება ხოლმე ის სიზმრები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად გვახსოვს. ადამიანს კი ხშირ შემთხვევაში სწორედ არასასიამოვნო სიზმრები ამახსოვრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი „მე“ მოსალოდნელ სიტუაციაზე მიანიშნებს.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ასეთი სიზმრის ნახვის დროს?

ხალხში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სიზმარი არავის არ უნდა მოუყვეთ, ან დილით ადრე, ისე, რომ ხმა არავის გასცეთ, წყალს უნდა გაატანოთ. მაგრამ არსებობს ძველი შამანური ტექნიკაც, რომლის მიხედვითაც, პირიქით, არასასიამოვნო სიზმარი თქვენს ახლობლებს უნდა მოუყვეთ, თითქოს მინისპექტაკლს თამაშობო, უნდა შეეცადოთ კიდევ ერთხელ გადაიტანოთ ის წუთები, რადგან ამ დროს ხდება სიზმრის მატერიალიზაცია და ბუნებაში აღარ რჩება ენერგია ამ მოვლენის სინამდვილეში შესასრულებლად. სასიამოვნო სიზმრის ნახვის შემთხვევაში კი შამანები ადამიანებს ურჩევენ, რომ ასეთი სიზმარი არავითარ შემთხვევაში არ მოუთხრონ ირგვლივმყოფებს. სიზმარი რაც შეიძლება კარგად უნდა შეინახოთ ცნობიერებაში  – ეს შემდგომში მისი მატერიალიზების საშუალებას იძლევა.

ერთიც: თუ გინდათ, რომ სასიამოვნო სიზმრები ნახოთ და დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძოთ, ძილის დროს თავი აღმოსავლეთით უნდა გედოთ.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close