მსოფლიოპოლიტიკა

საერთაშორისო მედია ნიკა მელიას დაკავების შესახებ წერს

საერთაშორისო მედია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრის და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შესახებ წერს.

Euronews-ი წერს, რომ საპოლიციო რეიდის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

Deutche Welle წერს, საერთაშორისო შეფასებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მომხდარი საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად ითვლება;

France24 წერს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება საქართველოში ისედაც რთული პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას იწვევს. სტატიაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიას დაკავების წინა მცდელობისას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ.

Reuters-ი წერს, რომ მელიას დაკავების წინა მცდელობა იყო წითელი ხაზი უკვე ექსპრემიერ გიორგი გახარიასთვის, რომელიც ამ საკითხის გამო პროტესტის ნიშნად გადადგა.

ფრანგული „Le Parisien“-ი პოლიციის მიერ შტურმისას გამოყენებულ ძალადობას უსვამს ხაზს და ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილის „გაუმჭვირვალე“ ბიოგრაფიაზე და იმაზეც, ვინ შეიძლება იყოს ქვეყნის რეალური მმართველი.

„ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ძალიან ერთგული მხარდამჭერია, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია. ეჭვობენ, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან აკონტროლებს“, – წერს გამოცემა.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ძალადობრივ შტურმს“ უწოდებს BBC. მედიასაშუალება ჰყვება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ასობით სპეცრაზმელი იყო მობილიზებული და მათ მელიას მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ბრიტანული „გარდიანი“ კი არ გამორიცხავს რისკებს, რომ „პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდეს“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საფრთხემ და „ესკალაციამ დასავლურ ქვეყნებს უბიძგა ჩარეულიყვნენ, თუნდაც ფორმალურად, – მათ ოპოზიციასა და ხელისუფლებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს“.

საფრთხეებზე ლაპარაკობენ ყოფილი დიპლომატებიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ სააგენტო AFP-სთან საუბარში მელიას დაკავებას „დემოკრატიისგან უკუსვლა“ უწოდა. მისივე თქმით, “დასავლეთის უფრო აქტიური ჩართულობის გარეშე ვითარება ძალიან სახიფათო შეიძლება გახდეს“.

შეგახსენებთ ,რომ 23 თებერვალს დილით სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში, სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და, მათ შორის, პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

ფოტო: AFP / Vano Shlamov

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close