საბერძნეთი ევროკავშირს მოუწოდებს, შემოიღოს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პასპორტი
საბერძნეთი ევროკავშირს მოუწოდებს, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი შემოიღოს, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ზაფხულში ტურისტული სეზონი ბევრად უსაფრთხოდ გახსნან.
საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ხარის თეოხარისმა „ფაინანშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინის სერტიფიკატის შემოღების საკითხი ევროკავშირისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
„ტურიზმის და ეკონომიკის გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს… ევროკავშირმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს ვაქცინის სერტიფიკატი. ადამიანებმა რაც შეიძლება მალე უნდა იცოდნენ, შეძლებენ თუ არა ზაფხულში შვებულებაში სადმე წასვლას“, – განაცხადა მინისტრმა.
თეოხარისმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს მოგზაურებისთვის, თუმცა ვაქცინაციის პასპორტის ქონა ადამიანებს გაათავისუფლებს Covid-19-ის ტესტის ჩატარების ვალდებულებისაგან ქვეყანაში შესასვლელად.
საბერძნეთში უკვე ჩატარებულია 600 ათასამდე აცრა. ამ დროისთვის ვაქცინაცია მოიცავს მედიცინის მუშაკებს, აგრეთვე, 2 ასაკობრივ ჯგუფს: 75 წელს ზემოთ და 60-იდან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.
15 თებერვალს მარუსიში ვაქცინაციის მეგაცენტრი გაიხსნა, სადაც 96 პუნქტში თვეში 150 000 აცრის ჩატარება იგეგმება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი, აგრეთვე, განიხილავს კოვიდ-19-ზე აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემოღების საკითხს. 23 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ე. წ. ვაქცინაციის პასპორტები შესაძლებელია გამოყენებული იყოს საერთაშორისო მოგზურობების დროს და ისეთ ადგილებში სიარულის ნებართვისთვის, როგორიცაა თეატრები და პაბები.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები