იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პარასკევს, 26 თებერვალს, თითქმის 3-წლიანი „შესვენების“ შემდეგ, პირველად ჩაატარებს ლექციას ფლორენციის უნივერსიტეტში. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ლექცია ონლაინ ფორმატში გაიმართება.
მანამდე ჯუზეპე კონტე შეხვდება ფლორენციის უნივერსიტეტის რექტორს ლუიჯი დეის, აგრეთვე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანს და იურიდიული მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორს, რათა გაარკვიოს თავისი, როგორც ლექტორის, მოვალეობები კერძო სამართლის პროფესორის რანგში.
ჯუზეპე კონტე ფლორენციის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2018 წლის მაისამდე კითხულობდა ლექციებს, როდესაც „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ და „ჩრდილოეთის ლიგის“ კოალიციურმა მთავრობამ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიიწვია, როგორც კომპრომისული უპარტიო კანდიდატი. 2019 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც პირველი კოალიცია დაიშალა, კონტე მეორე კოალიციური მთავრობის მეთაური გახდა – ახალი მთავრობა „5 ვარსკვლავის მოძრაობის“, „დემოკრატიული პარტიისა“ და „იტალია ვივას“ მონაწილეობით შეიქმნა. სწორედ „იტალია ვივა“ გახდა, მატეო რენცის ლიდერობით, მეორე კოალიციური მთავრობის დაშლის მიზეზი.
ჯუზეპე კონტეს გადადგომის შემდეგ ფლორენციის უნივერსიტეტის რექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ თუ იგი უნივერსიტეტში დაბრუნებას გადაწყვეტდა, ფლორენციის უნივერსიტეტში სიხარულით მიიღებდნენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები