მსოფლიოხელოვნებაnews

„უოლ სტრიტის ხარის“ ავტორი იტალიელი მოქანდაკე გარდაიცვალა

იტალიაში, სიცილიაზე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა არტურო დი მოდიკა (Arturo Di Modica), იტალიელ-ამერიკელი სკულპტორი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი პროვოკაციული ქანდაკებით „შემტევი ხარი“ („უოლ სტრიტის ხარი“).

არტურო დი მოდიკა რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას. იგი ბოლოს კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ ვიტორიაში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.

სიცილიელმა სკულპტორმა, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ში გაატარა, 3,2-ტონიანი ბრინჯაოს ფიგურა – «Wall Street Bull» ან «Charging Bull» – მთლიანად საკუთარი ხარჯით შექმნა 1987 წლის „შავი ორშაბათის“ საფონდო ბირჟის ვარდნის შემდეგ. ის დაახლოებით 350 ათასი აშშ დოლარი ღირდა მაშინდელი ფასების ვარდნის დროს. დი მოდიკას, რომელიც 1973  წლებიდან აშშ-ში ცხოვრობდა, ამ ქანდაკებით ამერიკელი ხალხის ძლიერების და რთული დროების შემდეგ ისევ ფეხზე დადგომის გამორჩეული უნარის სიმბოლიზება სურდა. მან ის 1989 წლის 14 დეკემბერს სატვირთო მანქანით მიიტანა და ნებართვის გარეშე დადგა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის წინ.

მოგვიანებით, იმავე დღეს ნიუ-იორკის პოლიციამ ქანდაკება აიღო, ერთი კვირის შემდეგ კი ის ბოულინ გრინზე დადგეს დროებითი ნებართვის საფუძველზე, თუმცა ხარი იქ სამუდამოდ დარჩა. 2017 წელს ხარის წინ კიდევ ერთი ბრინჯაოს სკულპტურა – „უშიშარი გოგონა“ დადგეს, თუმცა მოგვიანებით სხვაგან გადაიტანეს.

„უოლ სტრიტის ხარი“ დროთა განმავლობაში აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა, რომელსაც ნიუ-იორკში ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები და ფოტოს იღებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close