იტალია კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი მოქალაქეების რაოდენობით ევროკავშირში ლიდერია
იტალია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ისევ პირველ ადგილს იკავებს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი მოქალაქეების რაოდენობით. ამის შესახებ დღეს, 10 თებერვალს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
პირველი და მეორე აცრა უკვე გაუკეთეს 1 219 034 ადამიანს (ბოლო 24 საათში ეს მაჩვენებელი 28942-ით გაიზარდა), რაც იტალიის მოსახლეობის 2,02%-ია. შედარებისთვის: გერმანიაში უკვე აცრილია მილიონ 24 ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე, ესპანეთში – 840 ათასამდე.
როგორც ცნობილია, მთელ ევროკავშირში აცრა სიმბოლურად გასული წლის 27 დეკემბერს დაიწყო. 2021 წლის იანვრიდან იტალიაში პირველად ექიმების, ხანდაზმული ადამიანების და მოხუცთა სახლების მომსახურე პერსონალის აცრა დაიწყეს. მასობრივი ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება დაბეჯითებით ურჩევს მოქალაქეებს, აიცრან.
2021 წლის ბოლომდე იტალია საკუთარი მოსახლეობის 90%-ის აცრას გეგმავს.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას, იტალიაში ამ დროისთვის ბევრად უკეთესი მდგომარებაა, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, თუმცა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის უწყების ცნობით, უმეტეს რეგიონში ინფიცირების რაოდენობა ისევ იზრდება.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მონაცემების თანახმად, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 12 956 შემთხვევა დადასტურდა (წინა დღით – 10 630), პოზიტიურობის მაჩვენებელი 4,1%-ია (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა). მთლიანობაში კი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 2 668 266-ს უდრის, რაც იტალიის მოსახლეობის 4%-ზე მეტია. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებული აქტიური პაციენტების რაოდენობა 410 111-ს შეადგენს, რაც 3856-ით ნაკლებია, ვიდრე წინა დღეს.
გასულ ერთ დღე-ღამეში კოვიდმა კიდევ 336 ადამიანი იმსხვერპლა (წინა დღით – 422) და მთლიანობაში გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 92 338-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა მთლიანი რაოდენობა ამ დროისთვის 2165817-ს უდრის. ეს მაჩვენებელი გასულ 24 საათში 16467-ით გაიზარდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები