ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის მკვლევრებმა დიდ წინსვლას მიაღწიეს კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის განვითარების მხრივ, ამის თაობაზე ცნობა ფეისბუქით გაავრცელა ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა, რომლის თქმითაც, პრეპარატის კვლევის პირველი ფაზა დასრულდა.
„30 პაციენტიდან, რომლებსაც EXO-CD24-ი მისცეს, 29-მ საავადმყოფო 3-იდან 5 დღემდე პერიოდში დატოვა“, – უთხრეს თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის (იხილოვის საავადმყოფო) მკვლევრებმა გამოცემა KAN News-ს. „30-ე პაციენტიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა“, – ამბობს სამედიცინო ცენტრის კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნადირ არბერი.
პრეპარატი, რომელიც ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს, გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება და პირდაპირ ფილტვებში ხდება მისი შესუნთქვა, რათა კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი არ განვითარდეს.
არსებული ინფორმაციით, კოვიდ-19-ს ორი ფაზა აქვს. პირველი ფაზა გრიპის მსგავსად მიმდინარეობს და მას მხოლოდ ხელშემწყობი მკურნალობა სჭირდება. მეორე ფაზა პაციენტების 5-7 პროცენტს მოიცავს, უფრო რისკფაქტორების მქონე პირებს ეხება და იმუნური სისტემის გააქტიურებას იწვევს. ამას უწოდებენ „ციტოკინურ ქარიშხალს“.
„ვაქცინამ რომც აკეთოს თავისი საქმე, რომც არ გაჩნდეს ვირუსის ახალი მუტირებული ვარიანტები, კორონავირუსი მაინც დარჩება ჩვენთან ამ თუ იმ ფორმით“, – ამბობს პროფესორი არბერი თელ-ავივის საავადმყოფოდან და განმარტავს, რომ მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს პრეპარატი სახელწოდებით, EXO-CD24.
პრეპარატის ეს შემადგენლობა განსაზღვრულია ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვის, რათა მათი უფრო მძიმე მდგომარეობამდე გაუარესება თავიდან აიცილონ.
radiotavisupleba.ge
კომენტარები