შვილის 18-წლიანი გლოვის შემდეგ დედამ იგი ქუთაისში ცოცხალი იპოვა – დაუჯერებელი ისტორია
არასოდეს დანებდე! რაც გულით გინდა, ვისაც ეძებ, აუცილებლად იპოვი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეს ისტორია დაგარწმუნებთ. ემოციების გარეშე დედა-შვილის ისტორიას, უბრალოდ, ვერ წაიკითხავთ…
მათ ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია დატრიალებულა, იყო ტკივილი, სიხარული, ლამაზი ბავშვობა, დაბნეული თინეიჯერობა და ბოლოს, ნამდვილ ოჯახში დაბრუნება…
ქალი, რომელიც 18 წლის განმავლობაში გარდაცვლილ შვილს გლოვობდა, ცოცხალი აღმოჩნდა. … ყველაფერი წერილმა განაპირობა, ერთმა უბრალო თაბახის ფურცელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მგლოვიარე დედის ძაძებიდან ბედნიერ დედობამდე მიიყვანა…
ყველაფერი 1996 წლის 25 ივნისს მაშინ დაიწყო, როდესაც ქუთაისის პირველ სამშობიაროში 18 წლის მაკა კოხრეიძემ მეორე შვილი გააჩინა. ცისფერთვალება გოგონა დაიბადა, მარიამი დაარქვა. მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა, ბავშვი ჯანმრთელი იყო, რამდენიმე საათში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ახალ ნამშობიარევ ქალს და მის ოჯახს უთხრეს, რომ მათი გოგონა გარდაიცვალა… დანარჩენს მაკა თავად მოგვიყვება.
„1996 წლის 25 ივნისის ქუთაისის პირველ სამშობიაროში მეორე შვილი გავაჩინე, გოგონა იყო. მამშობიარა ქალბატონმა თაია ყურაშვილმა. ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. ეზოში ჩემს მეუღლესა და ოჯახის წევრებს ახარეს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რომ ბავშვი იყო ჯანმრთელი და მეც თავს კარგად ვგრძნობდი. მშობიარობიდან რამდენიმე საათში, როცა ეზოში მეუღლე და ყველა ახლობელი ბავშვის დაბადებას ზეიმობდნენ და უკვე შეზარხოშებულები იყვნენ, უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ვერ მივხდი რა ხდებოდა, თუმცა ნაცნობი ხმები მესმოდა. ოთახში მარტო ვიყავი, დავიწყე ყვირილი, რომ ყურადღება მოექციათ. ადგომას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ავდექი. ამ დროს სუსტი აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა, რომელიც გამეცნო, როგორც ანესთეზიოლოგი. ხმამაღალი საუბარი დამიწყო, რას გავყვირი, შენი შვილი მოკვდაო… კარგად მახსოვს, ბავშვმა ტირილი დაბადებისთანავე დაიწყო. მერე უკვე აღარ მახსოვს არაფერი. როცა გამოვიღვიძე სამშობიაროს მეორე სართულზე პალატაში ვიყავი. როცა გავაცნობიერე რაც მოხდა, სუიციდის მცდელობა მქონდა.
ჩემთან ერთად ქალბატონი პალატაში იწვა, რომელიც 6 თვის ნაყოფი მოაშორეს. ჩვენ პალატიდან სანიტრის გარეშე, საპირფარეშოშიც არ გვიშვებდნენ. კატეგორიულად მოვითხოვდით ჩვენი შვილის ცხედრის გადმოცემას, რომ დაგვესაფლავებინა. სამშობიაროში გვეუბნებოდნენ, ახალაგაზრდები ხართ, რად გინდათ ბავშვის დასაფლავება, შვილმკვდარი მშობლები რატომ უნდა დაირქვათო. მაშინ 18 წლის ვიყავი… მაინც კატეგორიულად მოვითხოვდი ჩემი შვილის ცხედრის გატანებას. საღამოს პალატაში ვიღაც გაბრაზებული ქალბატონი შემოვიდა, ფურცელით ხელში, მითხრა, ხომ გინდა შვილის ცხედრის წაღება და ამაზე მომიწერე ხელიო. მეგონა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის გატანების საბუთზე მოვაწერე ხელი.
მესამე დღეს ჩემი ოჯახის წევრებმა მოიტანეს პატარა სასახლე, საავადმყოფოდან დოლბანდში გადახვეული ბავშვი გაატანეს ჩემებს. მეც იმ დღეს, გვიან ღამით გამწერეს სამშობიაროდან სახლში. როცა მეუღლე მოვიდა სამშობიაროში და უთხრეს ცოლი წაიყვანეო, გაგიჟდა, გუშინ ასეთი მძიმე იყო და ახლა სახლში როგორ მატანთო. ერთი სიტყვით, ჩემი ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ბავშვს რას ტირიხართ, ხათუნას სეფსისი აქვს დაწყებულიო. მთელი აქცენტი რომ ჩემზე გაეკეთებინათ, ასე მოიტყუეს. ლამის დაარწმუნეს ჩემი ოჯახი, რომ მკვდარი ბავშვი დავბადე. ამ ყველაფერმა მაშინვე გამოიწვია დიდი ეჭვი, მაგრამ რახან ბავშვის ცხედარი გამოგვატანეს და დავასაფლავეთ, მაშინ თითქოს გაქარწყლდა ყველა ეჭვი… მას შემდეგ თითქმის ამ სასაფლაოზე ვცხოვრობდი… ასე გავიდა წლები. მერე წავედით რუსეთში, რადგან ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ იქ.
ჩვენს გარდაცვლილ შვილს ვუხდიდით პანაშვიდებს, ვუხდიდით დაბადების დღეებს და ა.შ. ამასობაში ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე გადაცემა დაიწყო, სადაც დაკარგული მშობლები და შვილები ერთმანეთს ეძებდნენ. თავიდან ეს ყველაფერი შოუს ნაწილი მეგონა, მაგრამ მალევე დავიჯერე. მაშინ ეჭვი გამიჩნდა, ჩემი შვილი ნამდვილად გარდაიცვალა თუ მოგვპარეს. ერთ დღესაც ჩემმა მეუღლემ ისტერიულად დაიწყო საუბარი ჩვენს გარდაცვლილ შვილზე, სულ იმას ამბობდა, აუცილებლად მოვა ჩვენი გოგონა ჩვენთანო. ამ თემაზე ბევრჯერ გვიჩხუბია. მას მერე შვილები კიდევ გავაჩინეთ. მერე, ჩვენს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, შვილი დაგვეღუპა.
2003 წელს საქართველოში დავბრუნდით. სასაფლაოზე პანაშვიდების გადახდას ისევ ვაგრძელებდით, ამჯერად, უკვე როგორც ორი შვილის შვილმკვდარი დედა. გადის წლები და კიდევ ერთი შვილი დამეღუპა. 40 რომ გავიდა, გერმანიაში მაშინვე წავედით, მესამე შვილის დიაგნოსტიკისთვის. 6 თვეში დავბრუნდით უკან. 6 თვეში ერთხელ გადასხმაზე გვიწევდა თბილისში ჩასვლა. ერთ-ერთი მორიგი ვიზიტის დროს, როცა ქუთაისიდან თბილისში უნდა წამოვსულიყავით, ჭიშკარში დაგვხვდა ქაღალდი. გავხსენი გადახვეული თაბახის ფურცელი და ნაბეჭდი წერილის პირველი წინადადება ასე იწყებოდა:
„გთხოვ წაიკითხე ბოლომდე!“ შემდეგ გრძელდებოდა … შენი შვილი, რომელსაც უკვე წლებია დასტირი, ის ბავშვი ცოცხალია. იქვე ეწერა ჩემი მშობიარობის წელი, თვე რიცხვი და ბავშვის მონაცემები. წერილში ისიც ეწერა, რომ შესაძლოა, სხვისი გარდაცვლილი შვილი დამაკრძალინეს ან სულაც არაფერი… წერილში ეწერა, რომ ბავშვი ქუთაისში იზრდებოდა. მაშინ რაც დამემართა ალბათ წარმოსადგენია… წერილის ბოლოს ეწერა, რომ თუ მინდოდა, ჩემი შვილისთვის მიმეგნო, წერილი აუცილებლად უნდა დამეწვა. არ მახსოვს თბილისში როგორ ჩავედი. უკან რომ დავბრუნდით, მეუღლეს მომხდარზე ვუამბე. იმ დღიდან ჩვენი გოგონას ძებნა დავიწყეთ. ჩვენი შვილის ასაკის გოგონას ყველგან ვეძებდით – ქუჩაში, პარკში, საბავშვო ბაღში. გვჯეროდა, მას გენეტიკური ნიშნით მაინც ამოვიცნობდით. ჩემი გარდაცვლილი შვილები ყოველღამე მესიზმრებოდნენ და რაღაც მიმართულებას მაჩვენებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მივაგენით. ასეთ წამებაში 2 კვირა გავიდა.
მივიღე მორიგი წერილი, სადაც იმ სახლის მისამართი ეწერა, სადაც ჩემი შვილი იზრდებოდა. უკვე ღამე იყო. მითითებულ მისმართზე მაშინვე წავედით. უბანში სამი ადამიანი შეგვხდა, ორი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი და პატარა, 12 წლამდე გოგონა. ისეთი აღელვებული და განერვიულებული ვიყავი, ხმა მიკანკალებდა. რაღაც არაამქვეყნიურმა ძალამ და ინტუიციამ შემახვედრა ეს ადამიანები, რომლებსაც ძლივს ვკითხე, ამ სახელისა და გვარის ქალს ხომ არ იცნობთ-მეთქი. უცებ მესმის ხმა, კი ეგ ქალი დედაჩემიამო, მითხრა გოგონამ. პედაგოგია-მეთქი? – ვკითხე და კიო, დამიდასტურეს, მამა ყოფილი პოლიციელიაო. როცა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად სწორ მისმართზე ვიყავი მისული, რომ არ გამეფუჭებინა ყველაფერი, უცებ მოვიგონე სხვა სკოლა და მუსიკის მასწავლებელს ვეძებ, მისი ყოფილი მოსწავლეს უნდა მასთან დაკავშირება-მეთქი…
ის პატარა გოგონა კი, რომელიც თან ახლდათ, მარიამი იყო… როგორც შემდეგ გაირკვა, ადამიანი, რომელიც წლების წინათ სამშობიაროში ანესთეზიოლოგად გამეცნო, ჩემი შვილის აღმზრდელი მამა ყოფილა…
ბედისწერამ ჩემი შვილი მაპოვნინა. იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ ემოციებს ძლივს ვთოკავდი, მოვიდა მარიამი და მეუბნება, რატომ ნერვიულობთ ქალბატონო, რითი დაგეხმაროთო… ვუთხარი, რომ წლების წინათ მეგონა, რომ შვილი გარდამეცვალა და ახლა გავიგე, რომ ცოცხალი ყოფილა-მეთქი. მყავს შვილიშვილი, რომელსაც ასევე ჩემი გოგონას სახელი, მარიამი დავარქვით-მეთქი. მარიამი მამშვიდებდა, დახმარებასაც დამპირდა, მოგაძებნინებთ შვილსო. ჩაიწერა ჩემი ნომერი. გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლში მისული არ ვიყავით, რომ მარიამის ესემესი მომდის, გულები და კოცნები. მალევე გამომაფხიზლა ზარმა. მირეკავს უცნობი ნომერი, ქალის ხმა მაფხიზლებს. შენ მარიამს კი არა, მე მეძებო და სახელი და გვარი მითხრა. აღმოჩნდა ჩემი შვილის გამზრდელი დედა. დავთქვით შეხვედრა, შევხდით და ვისაუბრეთ. თავიდან იტყუებოდა, ბოლოს აღიარა, რადგან ვუთხარი, რომ მისთვის შვილის წართმევას არ ვაპირებდი…
18 წლის შემდეგ ჩემი შვილი ვნახე, რომელიც გარდაცვლილი მეგონა. ქალბატონს შევთავაზე, რომ ჩემზე მარიამისთვის თავად ეთქვა, რომ ძველი მეგობრები ვიყავით და ისევ უნდა აღვედგინა ჩვენი ახლობლობა. მარიამს ასე უნდა სცოდნოდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად მზად არ იქნებოდა, რომ სიმართლე სცოდნოდა. კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, მარიამი სიმართლეს ვერასდროს გაიგებსო. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი მდგომარეობა, რაც დამემართებოდა. ამ ქალს ვუთხარი, გასაგებია, რომ შვილი გინდოდათ, მაგრამ მე რატომ წამართვით, ათასი ქალი ტოვებდა შვილებს თავიანთი სურვილით და რატომ ბავშვთა სახლიდან არ აიყვანეთ, ასე რატომ მომექეცით, ეს როგორ გააკეთეთ-მეთქი… მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა. მერე მოულოდნელად მეუბნება, ბოზის შვილი რატომ უნდა გამეზარდაო და მანქანიდან გადამიხტა.
იმ საღამოს სახლში თურმე მეუღლესთან საუბრობდა, დიალოგი მარიამს მოუსმენია. მან გაიგო, რომ ის იყო აყვანილი და მე მისი ბიოლოგიური დედა ვიყავი. დილით მირეკავს მარიამი და მეუბნება, მე ყველაფერი ვიცი და უნდა ვისაუბროთო. მეორე დღეს მართლაც შევხდით. ეს შეხვედრა თბილი და სიყვარულით სავსე არ ყოფილა. ჩვენს შორის რთული საუბარი შედგა. ჩვენს შორის ურთიერთობა მეორე დღეს უფრო დაიძაბა. მარიამს უთხრეს, რომ მე ვიყავი შვილმკვდარი გიჟი დედა. ათასი სისულელე მოატყუეს, მათ შორის, ისიც, რომ ვითომ მარიამი ჩემი მესამე შვილის გადასარჩენად ბიოლოგიურ მასლად გამოსაყენებლად მინდოდა. მერე ოჯახს დნმ ანალიზი შევთავაზე, რაზეც უარი მივიღე. მარიამს ჩემს საწინააღმდეგოდ განაწყობდნენ. მე დამნაშავედ მაცხადებდნენ. პოლიციას მიძახებდბენ და ა.შ.
ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, რომ შვილების საფლავზე ავედი და სხვადასხვა ჯგუფის ბევრი მედიკამენტი დავლიე. ჩემს შვილს რომ არ მოესწრო, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. მთელი ღამე რეანიმაციაში გავატარე, ღმერთს არ უნდოდა ჩემი სიკვდილი და გადავრჩი.
ერთი წლის თავზე ჩვენ დავადასტურეთ, რომ მე და მარიამი დედა-შვილი ვიყავით. ერთი სიტყვით, შვილი დავიბრუნე. ახლა ამ იატორიას იმიტომ არ ვყვები, რომ მეხალისება და მიხარია. მინდა, ჩემი მაგალითი სხვებისთვის მართლაც მაგალითი გახდეს, რათა არ დანებდეთ, ბოლომდე იბრძოლეთ და ვისაც ეძებთ, აუცილებლად იპოვით.
„პრაიმტაიმს“ თავის ისტორიას იძულებით გაშვილებული გოგონა მარიამ ჯიშკარიანიც უყვება, რომელმაც 18 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლების ოჯახში დაბრუნდა.
გააგრძელეთ კითხვა აქ: primetime.ge/shvilis-18-tsliani-glovis-shemdeg
primetime.ge
კომენტარები