იტალიამიგრაციასაზოგადოება

საპროტესტო აქცია მილანში „სანატორიასთან“ დაკავშირებით – NON POSSIAMO ASPETTARE! (ფოტო/ვიდეო)

„მთავრობამ ფული გადაგვახდევინა და გვეუბნება „ასპეტარე, ასპეტარე“ - ჩვენ კი აღარ შეგვიძლია ლოდინი!“

29 იანვარს მილანში, პიაცა სან ბაბილაზე საპროტესტო აქცია გაიმართა ე. წ. სანატორიას პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით. აქციის სლოგანი იყო: Non possiamo aspettare – აღარ შეგვიძლია ლოდინი!

საღამოხანს სან ბაბილას მოედანზე (Piazza San Babila) რამდენიმე ათეული იმიგრანტი შეიკრიბა, რომლებიც ე. წ. „სანატორიას“ პასუხს ელოდებიან, ძირითადად, პერუელები; აქციას ესწრებოდა ერთი ჰოლანდიელი ახალგაზრდა ქალი – მინკე ჰაჯერი (Minke Hajer) მილანის უნივერსიტეტიდან – Università degli studi di Milano – რომელსაც, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს, იტალიაში ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვს, თუმცა სან ბაბილაზე მოვიდა იმიტომ, რომ, როგორც თავად მითხრა, მიგრაციის თემაზე და იმიგრანტების პრობლემებზე მუშაობს.

საპროტესტო აქციაზე ემოციური მიმართვით გამოვიდა ერთ-ერთი მომიტინგე – ახალგაზრდა პერუელი ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ 26 ათასი იმიგრანტი ელოდება „სანატორიას“ პასუხს, ხოლო კვირაში მხოლოდ 16 კაცს აკმაყოფილებენ. მისი თქმით, რომ გავიანგარიშოთ, ამ ტემპით 25 წელია საჭირო, რომ მთავრობამ ყველა განაცხადი დააკმაყოფილოს.

„მთავრობამ გადაგვახდევინა ამდენი ფული და გვეუბნება: ასპეტარე, ასპეტარე (მოიცადეთ, მოიცადეთ –  იტ.), მაგრამ აღარ შეგვიძლია ლოდინი!“ – განაცხადა მან. „Non possiamo aspettare!“ – ეს შეძახილი ისმოდა აქციაზე.

საპროტესტო აქცია, რომელიც მშვიდობიანი და ძალიან პოზიტიური იყო, ბოლოს მუსიკალური ნომრით დასრულდა. ერთადერთი, რაც ხმაურს იწვევდა, იყო ბოთლებში ჩაყრილი ქვიშა: შეძახილისას „ნონ პოსიამო ასპეტარე“ ამ ბოთლებს აჩხარუნებდნენ. მიტინგზე მყოფ ხალხს შიგადაშიგ რძიან კანფეტებს სთავაზობდნენ.

აქციას ჩემ გარდა კიდევ ერთი ასაკოვანი ჟურნალისტი ქალი აშუქებდა.

როგორც ცნობილია, ე. წ. სანატორია (არალეგალური მუშახელის დამსაქმებელთა ამნისტია სოფლის მეურნეობის სფეროში, ოჯახის დამხმარედ და მომვლელებად მომუშავე არალეგალ იმიგრანტთა რეგულარიზაციის მიზნით) იტალიის მთავრობამ გასული წლის მაისში გამოაცხადა. განაცხადების მიღების პროცესი პირველი ივნისიდან დაიწყო და 15 აგვისტომდე გაგრძელდა, თუმცა შემდგომ პროცესი შეფერხდა და ათასობით იმიგრანტი, მათ შორის, ჩვენი თანამემამულეებიც, ამაოდ ელოდება პასუხს. ყველაზე ცუდი გაურკვევლობაა, რადგან ამ თემაზე არავინ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს, როგორ გაგრძელდება და როდის უნდა დასრულდეს ეს პროცესი.

ციცი ხაბელაშვილი

ავტორის ფოტოები და ვიდეო

პ. ს. შემდეგი საპროტესტო აქცია ამავე საკითხთან დაკავშირებით 26 თებერვალს გაიმართება ისევ სან ბაბილას მოედანზე. ამის შესახებ ფეისბუქგვერდ  Nonpossiamopiuaspettare-ზე წერია. სწორედ ამ წყარომ დააანონსა გუშინდელი საპროტესტო აქციაც. 

პირველი შეხვედრა “fridays for immigrants” სან ბაბილას მოედანზე. შესანიშნავი მოედანი, სადაც შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა, ახალი ინფორმაციის მიღება, მუსიკის და სიმღერის მოსმენა. გვსურს საუბარი სანატორიას შესახებ დაუყოვნებლივ! გვსურს ყველა საბუთის განახლება დაუყოვნებლივ! გვსურს ოჯახის წევრებისთვის ავტომატურად საბუთის გაკეთება (ricongiungimenti) დაუყოვნებლივ! გვსურს იტალიის მოქალაქეობა დაუყოვნებლივ! არ გავჩერდებით, შემდეგი შეხვედრა იქნება პარასკევს, 26 თებერვალს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close