fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ლეგენდარული ამერიკელი ჟურნალისტი ლარი კინგი გარდაიცვალა

იგი კოვიდ-19-ის გამო საავადმყოფოში მკურნალობდა

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა.

ლარი კინგი კოვიდ-19-ით გამოწვეული გართულებების გამო იანვრის დასაწყისიდან ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars Sinai-ში მკურნალობდა.

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ცნობილ ტელეწამყვანს  „სიენენის“ პირდაპირ ეთერში თოქშოუ მიყავდა – Larry King Live, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივვადიანი გადაცემა უცვლელი წამყვანით.

ბოლო წლებში ის რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია „რაშა თუდეი ამერიკაში“ მუშაობდა.

2012 წლიდან ტელეწამყვანს ინტერნეტში მიყავდა გადაცემა Larry King Now.

კინგი 7-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი ბოლო ცოლი იყო შონ საუთვიკი, რომელსაც გასული წლის დასაწყისში დაშორდა 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ (მათ 2 საერთო ვაჟიშვილი ჰყავთ). ამ ფაქტიდან 3 თვის თავზე კი, გასული წლის მაისში ლარი კინგმა გულის შეტევა მიიღო და გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ლარი კინგს 3 ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.

კარიერის მანძილზე ცნობილმა ტელეწამყვანმა ჩაატარა 50 000-ზე მეტი ინტერვიუ თავისი განუმეორებელი სტილით – მოკლე და გასაგები კითხვებით.

ლარი კინგმა ინტერვიუ ჩამოართვა ყველა მოქმედ პრეზიდენტს, ჯერალდ ფორდიდან – ბარაქ ობამამდე, და შოუბიზნესის ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: მარლონ ბრანდო, მადონა, პოლ მაკარტნი… აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, როგორებიც არიან: მიხეილ გორბაჩოვი და ტონი ბლერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადზე.

„ვერაფერი გავიგე, სანამ ვლაპარაკობდი – ეს ყოველთვის ჩემი დევიზი იყო“, – ხშირად იმეორებდა ლარი კინგი.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close