fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენი ტრამპის გადაწყვეტილებებს აუქმებს, მათ შორის, მიგრანტებთან დაკავშირებით

რას განსაზღვრავს პირველი საპრეზიდენტო ბრძანებულებები, რომლებსაც ბაიდენმა ინაუგურაციის შემდეგ მოაწერა ხელი

უამრავი ადამიანი შეჰყურებს იმედის თვალით აშშ-ის ახალ პრეზიდენტს და მის კაბინეტს. დღეს მათ ხელშია მრავალი ადამიანის ბედი.

46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა და დაპირებული საქმეების განხორციელება!

მან ინაუგურაციის შემდეგ, იმავე დღეს, 15 საპრეზიდენტო ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რაც აქამდე არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია.

გთავაზობთ რამდენიმე მთავარ ბრძანებულებას, მათ შორის, საიმიგრაციო საკითხებზე.

  • შეჩერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის პროცესი.
  • აშშ უბრუნდება თავისი ვალდებულებების შესრულებას კლიმატთან დაკავშირებით პარიზის შეთანხმების ფარგლებში.
  • პანდემიის პრობლემის გადაწყვეტა დღეს ყველაზე მთავარია, ამიტომ პრეზიდენტმა სავალდებულოდ გამოაცხადა პირბადის ტარება სახელწიფოს კუთვნილ ყველა ტერიტორიაზე, ყველა საჰაერო მარშრუტზე, მატარებელში, მეტროში და ა. შ.
  • ოთხშაბათს ხელმოწერილი კიდევ ერთი აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე იქმნება თეთრი სახლის Covid-19-ზე რეაგირების ოფისი, რომელსაც ჯეფრი ზიენტსი (Jeffrey Zients) უხელმძღვანელებს – ბაიდენის „კორონავირუსის მეფე“, რომელიც ფედერალურ სააგენტოებთან იმუშავებს და ანგარიშვალდებული იქნება უშუალოდ პრეზიდენტის წინაშე. ამ ოფისის მიზნები მოიცავს მშრომელთა მეტი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, ტესტირებისა და ვაქცინაციის გაზრდას და სკოლების გახსნას.
  • ბაიდენმა ასევე მოითხოვა გამოსახლების ფედერალური მორატორიუმის გახანგრძლივება მინიმუმ 31 მარტამდე და პაუზის გაგრძელება ფედერალური სესხების საპროცენტო და ძირითად გადასახადებზე მინიმუმ 30 სექტემბრამდე.
  • საიმიგრაციო მიმართულებით, ბაიდენმა შეაჩერა კედლის მშენებლობა მექსიკის საზღვრის გასწვრივ. ახალი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ფულის ფუჭი ხარჯვაა, თუმცა კედლის დასრულებული ნაწილი კვლავ დარჩება.
  • მოიხსნა რამდენიმე, უმეტესად, მუსლიმი მოსახლეობით დასახლებული ქვეყნებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა, რომელიც 2017 წლის 27 იანვრის ტრამპის ბრძანებულებით დაწესდა (სირიის, ერაყის, ირანის, სუდანის, იემენის, ლიბიისა და სომალის მოქალაქეებისთვის).
  • ბაიდენმა ოფიციალურად მოუწოდა კონგრესს, განიხილოს უფრო ფართო საიმიგრაციო კანონპროექტი, რომელიც მოიცავს 8-წლიანი პერიოდის შემოღებას აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად. ქვეყანაში 11 მილიონი იმიგრანტია მუდმივი იურიდიული სტატუსის გარეშე.
  • ბაიდენი ასევე მხარს დაუჭერს „მიგრანტთა შვილების დაცვის“ (DACA) ობამასდროინდელ პროგრამას, რომელიც აშშ-ში მცირეწლოვან ასაკში ჩასულ არალეგალურ იმიგრანტებს დეპორტაციისგან იცავდა.

ასეთმა ყოვლისმომცველმა წინადადებებმა ადრე შეაფერხა სხვა პრეზიდენტების გეგმები. სავარაუდოდ, მკვეთრად დაყოფილი კონგრესი ბაიდენის ამ გეგმებს დაუპირისპირდება.

წარმატებები ვუსურვოთ ახალ პრეზიდენტს!

თინა ბედიაშვილი

ფერფილდი, აშშ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close