ტექნოლოგიები

მართალია თუ არა, რომ WhatsApp-ს კონფიდენციალობის პრობლემა აქვს – რა უნდა ვიცოდეთ?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა მესენჯერმა WhatsApp-მა მომსახურების პირობები და კონფიდენციალობის პოლიტიკა განაახლა. მომხმარებლები მესენჯერის ჩამოტვირთვისას უკვე იღებენ შეტყობინებას, რომელიც მათ ახალ შეთავაზებაზე დათანხმებას ურჩევს. ამ დროისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, თუმცა 8 თებერვლიდან სავალდებულო გახდება. განახლებული პოლიტიკა სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი მესენჯერის გამოყენებას ვეღარ შეძლებს.

რატომ ამჯობინებენ მომხმარებლები WhatsApp-ს სხვა მესენჯერებს? 

ამის თქმა დანამდვილებით რთულია. შესაძლოა, მომხმარებლები ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიჰყვნენ და დაგეგმილი ინოვაციები შემდეგნაირად აღიქვეს:

–    მომხმარებლებს ახლა მოეთხოვებათ, რომ WhatsApp-ს მისცენ ნებართვა, მათზე დაგროვილი ინფორმაცია გაუზიაროს კომპანია Facebook-ს, რომელიც ამ მესენჯერს ფლობს;
–    იქამდე მომხმარებლებს ჰქონდათ არჩევანის საშუალება, რომ თავიანთი მონაცემების Facebook-ისთვის გადაცემა აეკრძალათ;
–    თუმცა არსებობენ იღბლიანი ადამიანები, რომლებსაც ეს პირობები არ ეხებათ. ისინი ევროპული ქვეყნების მცხოვრებლები არიან.

ამავდროულად, Wired- ისა და Ars Technica-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის რეალურად არაფერი შეცვლილა.

ეს როგორ?

ადამიანებმა, რომლებიც WhatsApp-ით სარგებლობენ, უკვე დიდი ხანია დაადასტურეს თავიანთი თანხმობა, რომ მათი მონაცემები Facebook- ს გადასცემოდა. ძველმა მომხმარებლებმა ეს გააკეთეს ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც მომხმარებლის ხელშეკრულების განახლება მოხდა, ახლებმა კი – მესენჯერში რეგისტრაციის დროს.

კარდინალური ცვლილება შეეხება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელმაც WhatsApp-ს საკუთარი მონაცემების Facebook-ისთვის გაზიარება 2016 წელს, შეთანხმების განახლების დროს, პირდაპირ აუკრძალა. მას, ვინც ინფორმაციის გაზიარებას დასთანხმდა, აზრის შეცვლა მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეეძლო. ეს ვარიანტი მესენჯერის პარამეტრებში უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს.

რა სახის გამონაკლისი არსებობს ევროპელებისთვის? 

WhatsApp-ი თავის მომხმარებლებზე „ევროპული რეგიონიდან“ ზუსტად იმავე ინფორმაციას აგროვებს და Facebook-ისთვის მათი გაზიარებაც შეუძლია. უფრო მეტიც, ისინიც იღებენ შეტყობინებებს, რომლითაც განახლებული მომსახურების პირობებსა და კონფიდენციალობის პოლიტიკას უნდა დათანხმდნენ. მართალია, ისინი ოდნავ განსხვავებულია, რადგან მონაცემთა დაცვის ევროპული რეგლამენტის მოთხოვნების (General Data Protection Regulation (GDPR) გათვალისწინებით არის შედგენილი. როგორც ჩანს, „გამონაკლისის“ იდეაც აქედან წარმოიშვა.

რომელი ქვეყნები შედის „ევროპულ რეგიონში“? 

ძირითადად, WhatsApp-ი ამ ტერმინში ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებს მოიაზრებს. მათ შორის არის ზოგიერთი დამოკიდებული ტერიტორია, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში, კარიბის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს.

საერთოდ, რა სახის მონაცემებზეა საუბარი? პირადი მიმოწერა? 

რა თქმა უნდა, არა. პირადი მიმოწერა და ზარები, ისევე როგორც ადრე, სპეციალური შიფრით არის დაცული (end-to-end encryption).

თეორიულად, მესამე პირს შეუძლია თქვენს პირად მიმოწერაზე წვდომა მიიღოს, თუ დათანხმდებით მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნას Google Drive- ში ან iCloud- ში. იქ ეს შეტყობინებები გაშიფრული ფორმით ინახება. თუმცა მათზე წვდომა WhatsApp-სა და Facebook-ს არ აქვთ.

რა სახის ინფორმაციას აგროვებს WhatsApp-ი ჩემზე? 

სხვადასხვას. მაგალითად:

–    თქვენი შეტყობინებებისა და ზარების მეტამონაცემები (მონაცემები მონაცემების შესახებ- data about data): ვისთან, როდის დარამდენად ხშირად ურთიერთობთ;
–    თქვენი ტელეფონის ნომერი და თქვენი თანამოსაუბრეების ტელეფონის ნომრები;
–    გამოყენებული მოწყობილობის ან ბრაუზერის შესახებ მონაცემები;
–    თქვენი მობილური ქსელის IP მისამართები და ინფორმაცია;
–    ინფორმაცია თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ;
–    ინფორმაცია თქვენი გადახდების ისტორიის შესახებ.

სხვა მესენჯერები რა სახის ინფორმაციას აგროვებენ? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას შეადარებთ. Forbes- მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რამდენად ნაკლებ მონაცემებს აგროვებს Apple- ის iMessage მომხმარებლის შესახებ: მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ძიების ისტორია და მოწყობილობის იდენტიფიკატორი. ამავდროულად, Facebook-ის Messenger-ი ცდილობს, გაცილებით მეტი ინფორმაცია მიიღოს.

Telegram-ს, თავისი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად, აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავის პროფილში მიუთითა. ამავდროულად მას ხელი მიუწვდება მომხმარებლისა და მისი თანამოსაუბრეების ტელეფონის ნომრებზე, არასაიდუმლო ჩატების შეტყობინებებზე, ასევე, ელექტრონულ ფოსტაზე, თუ პირს ის მითითებული აქვს. Signal-ი კი – პირიქით. Forbes-ის კვლევის თანახმად, ის ცდილობს, თავისი მომხმარებლების შესახებ მონაცემები საერთოდ არ შეაგროვოს.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp-ის მომხმარებლებისთვის გლობალურად არაფერი შეცვლილა, შეიძლება ღირდეს იმაზე დაფიქრება, გსურთ თუ არა თქვენი მონაცემების გაზიარება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close