„იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდის“ მკვლელებს აფხაზეთში ეძებენ
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დადგენილია „იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ვიაჩესლავ ივანკოვის დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეს პირები არიან რუსეთის და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა.
რუსი გამომძიებლების ვერსიით, 2009 წლის ივლისში მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსულ ივანკოვს სატვირთო ავტომანქანიდან ბუთბამ ესროლა, პაპავა კი მეორე ავტომობილში იმყოფებოდა და მკვლელის უკან დახევას უზრუნველყოფდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, „იაპონჩიკის“ მკვლელობის შემდეგ ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა აფხაზეთში დაბრუნდნენ და დღესაც იქ იმყოფებიან. ძებნილ ბუთბას და პაპავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულების რუსეთში ექსტრადიციის მიზნით.
გამოძიების ვერსიით, „იაპონჩიკის“ მკვლელობა დაუკვეთა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ილია სიმონიამ, რომელსაც „კანონიერი ქურდის ტიტული“ წლების წინ ჩამოართვეს „კანონიერმა ქურდებმა“ – ვიაჩესლავ ივანკოვმა და ასლან უსოიანმა. უსოიანი 2013 წელს მოკლეს.
radiotavisupleba.ge
კომენტარები