ეს საოცარი, გამოუცნობი ნივთიერება – ინფორმაცია წყალზე, რომელიც უნდა იცოდეთ!
წყალი. უფერო, უსუნო სითხე. ნულ გრადუს ცელსიუსზე ყინულად, ხოლო 100 გრადუსზე ორთქლად იქცევა; ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ნივთიერება – ჰიდროსფეროს ჩვენი პლანეტის 71 პროცენტი უკავია; მის გარეშე წარმოუდგენელია ცოცხალი ორგანიზმის არსებობა: ადამიანის სხეულის მასის თითქმის 2/3-ს წყალი შეადგენს.
70 კილოგრამი მასის მქონე ადამიანის სხეული 42 ლიტრზე ცოტა მეტ წყალს შეიცავს: 28 ლიტრი უჯრედებშია, დაახლოებით 10,5 ლიტრი წყალი – უჯრედებს შორის და 3,5 ლიტრზე ცოტათი ნაკლები, ანუ მთლიანი წყლის დაახლოებით 8% – სისხლში.
ჯადოსნური სითხე
ტყუილად როდი უწოდებენ წყალს ჯადოსნურ სითხეს. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ განბანის რიტუალი თითქმის ყველა მთავარი რელიგიის ძირითად კომპონენტად იქცა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანის რწმენა, საუკუნეთა მანძილზე საწესჩვეულებო კანონებში უცილობლად დომინირებდა წყლით განწმენდის იდუმალი საჭიროება. წყლის სტიქიას უხსოვარი დროიდან ბნელი ძალებისგან გათავისუფლებისა და ნათელი, ღვთაებრივი ენერგიით დამუხტვის მაგიურ ძალას მიაწერდნენ. ალბათ ამიტომაც, ქრისტიანულ მოძღვრებაში უმაღლეს ღვთაებრივ საწყისთან მიახლების ამოსავალი წერტილი სწორედ წყლით ნათლობა გახდა.
საინტერესოა, რას ფიქრობს მარადიული სკეპტიციზმით გამსჭვალული ზუსტი მეცნიერება, რომელიც მუდამ ცდილობდა ნებისმიერი სასწაული რეალურად არსებული კანონზომიერებით აეხსნა? წარმოიდგინეთ, თვით ყველაზე ცნობილი სწავლულებისთვისაც კი, საერთოდ რომ უარყოფენ მისტიკას, წყლისთვის დამახასიათებელი ბევრი იდუმალი თვისება, „მატერიალისტური“ თვალსაზრისით, დღემდე ამოუხსნელი რჩება. მეტიც, ბევრი მათგანი წყალს ყველაზე ამოუცნობ ნივთიერებადაც კი მიიჩნევს დედამიწაზე, რადგან იგი არსებობს და თავის უჩვეულო თვისებებს ამჟღავნებს ბუნების ცნობილ კანონთა „ჯინაზე“. აბა რას უნდა მივაწეროთ თუნდაც ის მოვლენა, რომ წყალი გაცივებისას, ყველა დანარჩენი საგნისგან განსხვავებით (ქიმიური ნივთიერების გარდა ის ხომ ჩვეულებრივი, მატერიალისტური საგანიც არის, რომელსაც ვხედავთ და ვგრძნობთ), ფართოვდება. ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ, ყინული (გაყინული წყალი) კი არ იძირება, არამედ ზედაპირზე იწყებს ტივტივს. წყლის წარმოშობაც კი სასწაულებრივი გამოცანაა, რადგან არცერთი სხვა გაზი ერთმანეთთან შეერთებისას სითხეს არ წარმოქმნის.
რაც უფრო უღრმავდებიან მეცნიერები მის შესწავლას, მით მეტ გამოცანას (და არა პასუხებს უკვე არსებულ კითხვებზე) სთავაზობს მათ ეს საოცარი ნივთიერება, რომლის გარეშეც სიცოცხლე დედამიწაზე ვერასოდეს იზეიმებდა. გაირკვა, რომ წყალს თურმე მეხსიერებაც აქვს, რაც სპეციალური ექსპერიმენტების სერიით დადასტურდა. ის ინფორმაციის მატარებელია, რომელიც მიღების შემდეგ უკვე აღარასოდეს ავიწყდება.
მოდით, ჩვენთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილ (და ალბათ გაცილებით საინტერესო) სფეროს დავუბრუნდეთ, რათა ღვთაებრივი სითხის ზემოთ ნახსენები სასიკეთო თვისებები სულისა და სხეულის კეთილდღეობისათვის გამოვიყენოთ.
მკურნალი
ყველასათვის ცნობილია, რომ რაც შეიძლება მეტი სითხის (ჩვეულებრივი წყლის, ჩაისა თუ კომპოტების სახით) მიღება უტყუარი საშუალებაა ორგანიზმიდან ინფექციის გამოსადევნად, მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცის გაციების საწინააღმდეგო ერთი საინტერესო ძველებური რეცეპტი. ის მეტად შედეგიანია გაციების პირველსავე სტადიაზე, როცა ტანში მტვრევა და ყელში ფხაჭნა დაგეწყებათ. მკურნალობის ხერხი საოცრად მარტივია: რაც შეიძლება თბილად დაიხურეთ და შეუსვენებლად დალიეთ ექვსი ჭიქა ცხელი წყალი. შედეგს სულ მალე იგრძნობთ – თითქოს ორთქლის აბანოში ხართო, ისე დაგასხამთ ოფლი. ეს კი საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. ნუ შეგეშინდებათ ამ პროცედურის რამდენჯერმე განმეორების (რა თქმა უნდა, თუ რამე უკუჩვენება არ გაქვთ სითხის მიღებაზე). უკეთესობას უმალვე იგრძნობთ. ამგვარი თერაპია შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნითაც ჩაატაროთ ანუ ყოველ დილით, უზმოზე, ერთი ჭიქა ცხელი წყალი მიირთვით, რაც შესანიშნავი გამწმენდი და სტიმულატორია საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის.
უცხო ენერგიებისგან გამწმენდი
ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია იმ სარგებლისა, რისი მოტანაც წყალს შეუძლია. გაცილებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს უნივერსალური გამხსნელი ისრუტავს და შემდეგ წმენდს შავ ინფორმაციულ შრეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ძალაუნებურად „გვეწებება“. ჩვენ ხომ ხშირად ისეთ ადამიანებთანაც გვიწევს ურთიერთობა, უარყოფითი ენერგეტიკა რომ აქვთ. უცხო ბიოველიდან ამ ენერგიის მიღებისთანავე ვგრძნობთ, როგორ გვიფუჭდება გუნება-განწყობილება, გვეუფლება აპათია, გვიმძიმდება სული. პირველი რჩევა – რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები დღის განმავლობაში. ეს უთუოდ გაგათავისუფლებთ უარყოფითი ენერგიისგან, რომელიც უმალ ხელის მტევნებზე კონცენტრირდება. ამიტომაც ყველაზე ადვილად სწორედ ხელის შეხებით გადაეცემა (მით უმეტეს, თუ იმ დღეს თქვენდამი არაკეთილგანწყობილ ადამიანს ჩამოართვით ხელი).
უცხო ენერგიის გავლენისგან გასათავისუფლებლად დღის ბოლოს განსაკუთრებით სასარგებლოა შხაპის მიღება, წყლის ჭავლით განბანა თხემით ტერფამდე.
ბევრ თქვენგანს ალბათ ისეთი შემთხვევაც ახსოვს, როცა კოშმარული სიზმრით დაფეთებულს, „წყლისთვის გაუტანებია“ ავი ზმანება. ოდესმე თუ დაჰკვირვებიხართ, რომ ძალიან ხშირად, სულიერი დისკომფორტის დროს, ქალები, როგორც წესი, სარეცხის რეცხვას იწყებენ? ამას ისინი ინტუიციის კარნახით ქვეშეცნეულად ჩადიან, მაგრამ რაოდენ სწორია მათი მოქმედება!.. უკეთეს ხერხს წონასწორობის აღსადგენად ვერავინ შესთავაზებდათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალი საუკეთესო საშუალებაა ენერგეტიკული ჭუჭყის მოსაცილებლად.
ხალხური რწმენით, თუ ძილის წინ საწოლთან წყლით სავსე თავღია ჭურჭელს დადგამთ (ჭიქას, ქილას), ეს თქვენს ძილს უფრო მშვიდს გახდის და უარყოფითი ზეგავლენისგან დაგიცავთ, რადგან უარყოფით ენერგიას წყალი „აითვისებს“ და თქვენკენ არ „გამოუშვებს“. ეს წყალი დილით უნდა გადააქციოთ და საღამოს ონკანიდან აღებული ახალი წყალი დაიდგათ საწოლთან.
„დამუხტული“ წყალი
და კიდევ, ორიოდე სიტყვა ეგრეთ წოდებული „დამუხტული“ ანუ „შელოცვილი“ წყლის შესახებ. რადგან მეცნიერთა ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა ამ სითხის თვისება – დააგროვოს და „შეინახოს“ ინფორმაცია, შესანიშნავ შედეგს იძლევა ჯერ კიდევ ჩვენი ბებიების დროიდან ცნობილი ხერხი: აავსეთ ჭურჭელი წყაროს წყლით, წაიკითხეთ ლოცვა და… ნათელი ენერგიით დამუხტული სითხე ნამდვილად შეიძენს სამკურნალო ეფექტს. ასევე უდავოდ სასარგებლოა ნაკურთხი წყლის პკურება იმ შენობაში, სადაც ცხოვრობთ, მუშაობთ, ან დროის გარკვეულ ნაწილს ატარებთ.
თამთა გურული
კომენტარები