fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აშშ არეულობების მოლოდინში – პოლიციამ დააკავა 2 პირი, რომლებსაც ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტაცია და იარაღი აღმოაჩნდათ

ვაშინგტონი  საგანგებო რეჟიმზეა გადასული – ამერიკა 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტო დონეზეა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტრამპის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოწოდებები შეიარაღებულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, გეგმავენ თუ არა კონკრეტული ჯგუფები და პირები ძალადობის წაქეზებას, ან სხვაგვარი კრიმინალური ქმედებების განხორციელებას, საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემის პროცესის პარალელურად.

ეროვნული გვარდიის ბიუროს ინფორმაციით, ქალაქში 21 ათასი გვარდიელის განლაგებაა დაგეგმილი. გვარდიელებს მხარს ასობით ფედერალური აგენტი, ადგილობრივი და შტატის პოლიციელი დაუჭერს. ოთხი წლის წინ, ტრამპის ინაუგურაციისთვის, ეროვნულმა გვარდიამ ქალაქში 8 ათასი ჯარისკაცი განალაგა.

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს სხვა შტატებშიც. მერილენდის, ნიუ მეხიკოსა და იუტის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ვაშინგტონში ორი პირი დააკავეს. მათი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტაცია, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა.

კიდევ ერთი ღონისძიების ეპიცენტრი უახლოეს დღეებში შესაძლოა სენატი გახდეს. სწორედ ზედა პალატა განიხილავს ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს. პროცედურულად სხდომა 19 იანვარს უნდა ჩაინიშნოს, თუმცა არ არის გამორიცხული, ტრამპის საკითხზე ინაუგურაციის შემდეგ იმსჯელონ.

20 იანვარს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ვაშინგტონში 21 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 24 იანვრამდე მასობრივი შეკრებები აკრძალულია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close