მსოფლიოკრიმინალი

ლიზა მონტგომერი – ერთადერთი ქალი, რომელიც ბოლო 68 წლის განმავლობაში აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს

რა დანაშაულისთვის გაუკეთეს მას სასიკვდილო ინიექცია?

52 წლის ლიზა მონტგომერის, რომელიც სასტიკ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, 13 იანვარს სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს. იგი პირველი ქალია, რომელიც აშშ-ში ბოლო 68 წლის განმავლობაში სიკვდილით დასაჯეს ქვეყნის ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ბიბისი წერს.

მონტგომერი 8 იანვარს უნდა დაესაჯათ სიკვდილით, თუმცა მისი ადვოკატები კორონავირუსით დაინფიცირდნენ, შემდეგ სასიკვდილო განაჩენი 12 იანვარს უნდა მოეყვანათ სისრულეში, თუმცა საოლქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო სასამართლო მოსმენა მონტგომერის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ. აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ საოლქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა და მას სასიკვდილო ინიექცია 13 იანვარს გაუკეთეს Terre Haute-ის ციხეში, ინდიანას შტატში.

მონტგომერის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მას თავის ტვინის თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდა და, უბრალოდ, არ ესმოდა, რას აკეთებდა.

ლიზა მონტგომერის ბავშვობაში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მამინაცვალი სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მისი ადვოკატების თქმით, მის მიმართ მოპყრობა ისეთი სასტიკი იყო, რომ წამებას უდრიდა.

ლიზა მონტგომერი 36 წლის ასაკში (2004 წელს) 23 წლის ბობი ჯო სტინეტს დაესხა თავს, რომელიც 8 თვის ფეხმძიმე იყო.

მონტგომერიმ მსხვერპლი მოგუდა გრძნობის დაკარგვამდე და ბავშვი სტინეტის სხეულიდან ამოიყვანა. ქალი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

დამნაშავემ თავისი მსხვერპლი რეტ-ტერიერების მოტყვარულთა ფორუმის საშუალებით გაიცნო. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში სწერდნენ ერთმანეთს. მონტგომერიმ სტინეტს უთხრა, რომ თავადაც ბავშვს ელოდებოდა. ისინი ფეხმძიმობაზეც საუბრობდნენ, შემდეგ შეთანხმდნენ, რომ  მონტგომერი სტინეტისგან ლეკვს იყიდდა.

2004 წლის დეკემბერში ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა მონტგომერის ლეკვები ენახა. მან 281 კმ გაიარა კანზასიდან, თავისი სახლიდან, მისურის შტატის ქალაქ სკიდმორამდე, სადაც მისი მსხვერპლი ცხოვრობდა.

მონტგომერი სტინეტს დარლინ ფიშერის სახელზე შექმნილი ყალბი ექაუნთიდან სწერდა.

როდესაც ფეხმძიმე ქალმა კარი გააღო, მონტგომერი მას თოკით დაესხა თავს და მას შემდეგ, რაც ქალმა გრძნობა დაკარგა, სამზარეულოს დანით ამოკვეთა მუცლიდან ბავშვი.

გამომძიებლებმა მალევე გაარკვიეს, რომ არანაირი დარლინ ფიშერი არ არსებობდა და მეორე დღესვე დაადგნენ თავს მონტგომერის IP-მისამართის მეშვეობით. როდესაც პოლიციელები სახლში შევიდნენ, მასთან ჩვილი გოგონა აღმოაჩინეს. თავიდან მკვლელი ამტკიცებდა, რომ ბავშვი მისი შვილი იყო, რომელიც წინა დღით გააჩინა, თუმცა შემდეგ დანაშაული აღიარა.

მონტგომერი დამნაშავედ 2007 წელს ცნეს და მეორე დღესვე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

2008 წლიდან იგი ტექსასის შტატის ფედერალურ ციხეში იმყოფებოდა, სადაც ფსიქიატრიული მკურნალობის კურსს გადიოდა. მას შემდეგ, რაც სიკვდილით დასჯის დღე გამოცხადდა, მსჯავრდებული განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

მონტგომერიმდე ბოლო ქალი, რომელიც აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასაჯეს, იყო ბონი ჰედი, რომელმაც 1953 წელს გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცა ბავშვი და მოკლა. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და გაზის კამერაში დაასრულა სიცოცხლე.

მონტგომერი კი ერთი კვირით ადრე დასაჯეს ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, რომელიც აპირებს, შეწყვიტოს ფედერალურ დონეზე გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების აღსრულება.

ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაახლა 17-წლიანი პაუზის შემდეგ (თუმცა ამ წლებში ადამიანებს ისევ სჯიდნენ სიკვდილით ცალკეული შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებით).

გასული წლის ზაფხულიდან 10 სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა ფედერალურ დონეზე. ლიზა მონტგომერი მე-11 იყო. მიმდინარე კვირაში ფედერალური ხელისუფლება კიდევ ორი მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯას აპირებს.

სიკვდილით დასჯის ნაცვლად ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, სამუდამო პატიმრობა შემოიღოს პირობით-ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე.

Gallup-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა 54% მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა მისაღებია ეთიკური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი ჩანს, სინამდვილეში რეკორდულად დაბალია – 6%-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close