იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ნდობის საკითხს 18 იანვარს დააყენებს

მოვლენების შემდგომი განვითარების 6 შესაძლო სცენარი

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატაში ორშაბათს, 18 იანვარს გამოვა და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ გაზეთმა La Repubblica-მ ხუთშაბათს, 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია.

ხუთშაბათსვე, ამ განცხადებამდე, ჯუზეპე კონტე რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას ეწვია კვირინალეს სასახლეში და თავისი გადაწყვეტილება გააცნო, პარლამენტში გაარკვიოს პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც მატეო რენცის პარტია „იტალია ვივას“ 2 მინისტრის გადადგომის შედეგად შეიქმნა.

მოქმედ სამთავრობო კოალიციაში შემავალი ამ პარტიის წარმომადგენლების მიერ მინისტრთა კაბინეტის დატოვების შედეგად იტალიაში სამთავრობო კრიზისის პერსპექტივა გამოიკვეთა. რენცის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა კორონავირუსის პანდემიით გამიწვეული ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის გეგმასთან დაკავშირებით უთანხმოებას. იტალიის ეკონომიკის აღდგენის ფინანსირებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი ევროკავშირის სახსრებია, როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 750 მილიარდი ევროდან 209 მილიარდი ევრო იტალიისთვის არის განკუთვნილი. რენცისა და კონტეს შორის უთანხმოება ამ თანხების ხარჯვის გეგმამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისას 2019 წლის სექტემბერში  – მას შემდეგ, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ და „ლიგის“ თავდაპირველი კოალიცია დაიშალა –  ტერეზა ბელანოვა (სოფლის მეურნეობის მინისტრი) და ელენა ბონეტი (თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი) მთავრობაში შევიდნენ, როგორც დემოკრატიული პარტიის წევრები, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მატეო რენციმ საკუთარი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა, თუმცა დაადასტურა, რომ მთავრობას მხარს უჭერდა.

„იტალია ვივას“ 2 მინისტრის გადადგომის შედეგად სამთავრობო კოალიციამ შესაძლოა პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს, ამრიგად, მთავრობა რისკის ქვეშაა, რომ პარლამენტი უნდობლობის ვოტუმს გამოუცხადებს.

„იტალია ვივას“ ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ განაცხადა, რომ მისი პარტია მზადაა ოპოზიციაში გადავიდეს.

Il Sole 24 Ore-ს ინფორმაციით, ჯუზეპე კონტე, როგორც ჩანს, გადადგომას არ აპირებს. მან ერთდღიანი პაუზა აიღო იმისთვის, რომ მმართველ კოალიციასთან ერთად შემდგომი ნაბიჯები განიხილოს.

„5 ვარსკვლავის მოძრაობა“ მთლიანად კონტეს უჭერს მხარს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. დემოკრატიული პარტიაც მხარს უჭერს მთავრობის მეთაურს, თუმცა შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კრიზისი ივნისში ვადამდელი არჩევნებით დასრულდეს. დემოკრატები დიდად არ ენდობიან ე. წ. „პასუხისმგებლიანებს “ პარლამენტის სხვადასხვა შერეული პარტიული ჯგუფიდან, რომლებსაც შეუძლიათ მთავრობის მხარდაჭერა და, ფაქტობრივად, „იტალია ვივას“ წარმომადგენლების შეცვლა სამთავრობო კოალიციაში. ამ „პასუხისმგებლიან“  დეპუტატებზე საუბარი იმ დღიდანვე დაიწყო, როდესაც რენცისა და კონტეს შორის დაპირისპირება გამოიკვეთა.

იტალიელი ანალიტიკოსები მოვლენათა განვითარების 6 შესაძლო სცენარზე საუბრობენ.

რთ-ერთი, ყველაზე სავარაუდო სცენარის მიხედვით, კონტე ფორმალურად გადადგება, თუმცა პრეზიდენტი სერჯო მატარელა მანდატს შეუნარჩუნებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შექმნისთვის იმავე საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე. ეს გულისხმობს „იტალია ვივას“ დათანხმებას, რომელსაც ახალ კაბინეტში უფრო მეტ გავლენა ექნება. მთავრობაში შეიძლება შევიდეს რენცის უახლოესი თანამებრძოლი ელენა ბოსკი – ამის შესახებ La Stampa წერს.

მეორე ვარიანტია ჯუზეპე კონტეს შეცვლა, თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა, რადგან ახალი კანდიდატი შესაძლოა მისაღები იყოს რენცისთვის, თუმცა მიუღებელი – დემოკრატული პარტიისა და „5 ვარსკვლავის მოძრაობისთვის“ – ისინი კონტეს უჭერენ მხარს და უკვე განაცხადეს, რომ მოქმედმა პრემიერმა „მუშაობა უნდა გააგრძელოს“.

მესამე სცენარი გულისხმობს კოტეს დარჩენას თავის პოსტზე იმ პირობით, რომ იგი შეძლებს იპოვოს საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო კოალიციას შეუერთდება. მედია ასეთ პარლამენტარებს „პასუხუსმგებლიანებს“ უწოდებს – ისინი შეიძლება იყვნენ „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“ ბოლო 2 წლის განმავლობაში გასული დეპუტატები, ან ის პარლამენტარები, რომლებმაც ამავე პერიოდში ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ დატოვეს, თუმცა პრეზიდენტი მატარელა არ იწონებს ამ პრაქტიკას, რომელიც ყოველთვის შეიცავს არასტაბილურობის საფრთხეს.

მეოთხე სცენარის მიხედვით, შესაძლებელია ახალი „საპრეზიდენტო“ მთავრობის დანიშვნა, რომელსაც პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრი დაუჭერს მხარს, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც დღემდე ერთმანეთის ოპოზიციაში არიან.

მეხუთე და მეექვსე სცენარები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობს. ერთ შემთხვევაში საჭირო იქნება ტექნიკური კაბინეტის შექმნა, რადგან ახალი არჩევნებისთვის საჭიროა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება – იტალიაში რამდენიმე ხნის წინ დამტკიცდა პარლამენტართა რიცხვის თითქმის ორჯერ შემცირება.

უკიდურეს შემთხვევაში, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

ნებისმიერ ვარიანტში, ახალი არჩევნების ორგანიზებისთვის რამდენიმე თვე რჩება, რადგან მოქმედი პრეზიდენტი სერჯო მატარელა ივლისიდან პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილებას დაკარგავს: მისი მანდატი 6 თვეში იწურება.

ანალიტიკოსების აზრით, ვადამდელი არჩევნები ყველაზე არასასურველი სცენარია. ვადამდელ არჩევნებს დაბეჯითებით მოითხოვენ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები – „ლიგა“, „იტალიის ძმები“ და „წინ, იტალია“.  La Repubblica წერს, რომ თუ ივნისში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, პარლამენტში უმრავლესობას მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია მოიპოვებს, რომელსაც 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის (უმრავლესობის მოსაპოვებლად) 3%-ზე ნაკლები დააკლდა.

ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“, რომელსაც 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდამჭერები.

არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯუზეპე კონტე, რომელიც უპარტიოა, მაგრამ მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, შეძლებს ახალ არჩევნებში საკუთარი სიით მიიღოს მონაწილეობა.

ერთი რა ცხადია – ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი, პანდემიით გამოწვეული ურთულესი ვითარების ფონზე, იტალიის საერთაშორისო ავტორიტეტს ძლიერ აზარალებს. ევროკავშირმა პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველაზე მეტი თანხა (209 მლრდ ევრო) სწორედ იტალიას გამოუყო, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყანას. კონტეს მთავრობა ამზადებს გეგმას, როგორ დახარჯავს ამ ფულს ეკონომიკის აღსადგენად. დოკუმენტი ქვეყნის პარლამენტმა 20 იანვარს უნდა დაამტკიცოს და შემდეგ ევროკომისიას წარუდგინოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close