მედიცინამსოფლიო

ისრაელმა კოვიდის სამკურნალოდ ინოვაციური პრეპარატი შეიძინა

ისრაელის მთავრობამ შეიძინა პრეპარატი ბამლანივიმაბი (Bamlanivimab, LY-CoV555), რომელიც ხელს უშლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადების – კოვიდ-19-ის გამწვავებას. 

Covid-ის საწინააღმდეგო ამ უახლეს პრეპარატს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly and Co. აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ინდიანაპოლისში (აშშ) მდებარეობს.

პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ გამანეიტრალებელ მონოკლონურ IgG1 ანტისხეულს, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსის S ცილას უტევს. მკურნალობის მთელი კურსი მოიცავს ნივთიერების ვენაში ინფუზიით შეყვანას ერთჯერადად.

გაზეთ „ისრაელ ჰაიომის“ (ישראל היום – „ისრაელი დღეს“) ცნობით, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 400 დოზა ბამლანივიმაბი შეიძინა.

„პირველ რიგში, ექიმები პრეპარატს გამოიყენებენ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად, მაგალითად, იმ ინფიცირებულების შემთხვევაში, რომლებიც დიალიზზე არიან, ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრანსპლანტაცია ჩაუტარდათ“, – წერს გაზეთი. პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ სტაციონარულ პირობებში. ინოვაციური მკურნალობა განკუთვნილია 75 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბამლანივიმაბი მხოლოდ კლინიკური კვლევების მეორე ეტაპზეა, მწარმოებელმა კომპანიამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო სპეციალური ნებართვა აშშ-ის სურსათისა და წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) მისი „გადაუდებელი გამოყენებისათვის“ პაციენტების სამკურნალოდ COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებში.

ერთი პაციენტისათვის განკუთვნილი ერთი კურსის (ერთი დოზა) ღირებულება დაახლოებით $1200-ს შეადგენს. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ალბათობას, რომ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდება და პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია „სამედიცინო ფაქტორებით გამოწვეული რისკის“ ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close