საზოგადოებასაქართველო

ვის უნდა მივმართოთ, როცა მევახშე ბინას გვართმევს

საქართველოში „იპოთეკით (მევახშეებისგან) დაზარალებულთა გაერთიანება“ დაფუძნდა, რომლის მიზანიც იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებმაც მევახშეებს სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით გადაუფორმეს.

ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა დეველოპერულ კომპანია „სფერო ჰოლდინგის“ გუნდს ეკუთვნის. როგორ აპირებს „იპოთეკით (მევახშეებისგან) დაზარალებულთა გაერთიანება“ ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე მყოფი მსესხებლების ინტერესების დაცვას, „Sputnik-საქართველოსთან“ კომპანია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი საუბრობს.

რატომ გადაწყვიტეთ ამ ორგანიზაციის შექმნა?

ჩვენი ორგანიზაციის შექმნის მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომელებმაც ისესხეს ფული სხვა ფიზიკური პირებისგან საცხოვრებელი ბინის გარანტიით და იმის გამო, რომ ვალს ვეღარ იხდიან, სახლებს კარგავენ და ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.

ადრე თუ ადამიანს ფული სჭირდებოდა და მისთვის სესხების ერთადერთი გზაც სხვა ფიზიკური პირი იყო, მხარეებს შორის იდებოდა იპოთეკის ხელშეკრულება საკმაოდ კაბალური პირობებით. მსესხებელს ეკისრებოდა ყოველთვიურად დიდი თანხის გადახდა ისე, რომ ძირს არაფერი აკლდებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ის ხშირად ამას ვერ იხდიდა და სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებაც აუქციონზე გადიოდა გასაყიდად. შემოსული თანხით იფარებოდა სესხი, ხოლო სხვაობა ბინის მეპატრონეს რჩებოდა.

დღეს ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება უკვე აკრძალულია, თუმცა მევახშეებმა სხვა გზა გამონახეს და სესხის ხელშეკრულების ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დაიწყეს – გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოსყიდვის უფლებით. ეს კი, ფაქტობრივად, არის სხვისი ქონების მითვისება და, შესაბამისად, კანონით დასჯადი ქმედება. ამ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანები კი დაზარალებულები არიან. ჩვენი ორგანიზაციისთვის მომართვის შემთხვევაში კი მათ შესაბამის იურიდიულ კონსულტაციასაც გავუწევთ და დახმარების აღმოჩენასაც შევძლებთ.

რამდენად არის ეს შედეგის მომტანი, მსესხებლებმა ხომ თავად მოაწერეს ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებას?

ფულის გასხვისების შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, თუნდაც გამოსყიდვის უფლებით, თავიდანვე თვალთმაქცული (თაღლითური) გარიგებაა და ადამიანები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ მგლის ხახაში ხვდებიან. მევახშეები მათ, მაგალითად, 50 ათასი ლარის სესხის სანაცვლოდ 100-150 ათასი ლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე უფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ამასთან, მსესხებელი ვალდებულია, ყოველთვიურად იხადოს ამ თანხის 2.5-3%. ადამიანების უმეტესობა რამდენიმე თვეში ვერც პროცენტის გადახდას ახერხებს და ვერც უძრავი ქონების უკან გამოსყიდვას. რის შემდეგად მათ ართმევენ სახლებს, რომელიც ნასესხებ თანხაზე ბევრად მეტი ღირს. ასეთ შემთხვევებში საქმე გვაქვს თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებასთან, რადგან რეალურად ქონება კი არ არის გასხვისებული მესამედ ფასად, არამედ ფულია ნასესხები. მევახშემ მოატყუა ფულის სასესხებლად მისული ადამიანი და ისიც იძულებული იყო, მოეწერა ხელი, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთი გარიგებებით პროკურატურა უნდა ინტერესდებოდეს.

მევახშესაც ხომ სჭირდება გარანტია, რომ გასესხებულს არ დაკარგავს?

აქ არის რამდენიმე გამოსავალი: ერთი – მევახშემ მსესხებელს უნდა გაუფორმოს სესხის ხელშეკრულება, სადაც იქნება დაფიქსირებული, რომ გარანტიად სახლია ჩადებული. თუ ის დადგენილ ვადაში თანხას ვერ დაიბრუნებს, მაშინ აუქციონის წესით გაიყიდოს ჩადებული უძრავი ქონება და იქიდან მოხდეს ვალის გასტუმრება, ხოლო დანარჩენი თანხა დარჩეს ბინის ნამდვილ მეპატრონეს.

მეორე შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, უნდა მოხდეს ბინის გაყიდვა და ვალის გასტუმრების შემდეგ დარჩენილი თანხა უნდა გადაეცეს ბინის ნამდვილ მეპატრონეს. ან კიდევ მესამე ვარიანტი – მევახშემ გადაუხადოს მსესხებელს ნასესხებ თანხასა და ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას შორის არსებული სხვაობა.

ახლა მევახშეები ამბობენ, რომ მათ თანხა კი არ გაასესხეს, არამედ ბინა კაპიკებად იყიდეს. ჩვენი ორგანიზაციის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ამგვარი შემთხვევები საგამოძიებო უწყებებმა გამოიძიონ. საქართველოში ბევრია მევახშეებისგან მოტყუებული ადამიანი და გვინდა, რომ ჩვენი გაერთიანება მათ დაეხმაროს.

ნატა პატარაია

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close