მსოფლიოპოლიტიკა

ოთხი გარდაცვლილი და 52 დაკავებული – კაპიტოლიუმის შტურმის შედეგები

აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსმა დრამატული დღის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად გარდაცვლილა 4 ადამიანი, 52 კი დაკავებულია. ტრამპის მხარდამჭერები შეეცადნენ ჩაეშალათ კონგრესის გაერთიანებული სხდომა, რომელსაც უნდა დაემოწმებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. რამდენიმე საათით მათ ეს შეძლეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით კონგრესის გაერთიანებული სხდომა განახლდა და მან ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

მანამდე, გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ ჯეი კონტიმ განაცხადა, რომ 52-იდან 47 ადამიანის დაკავება ქალაქის მერის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეგულაციების დარღვევას უკავშირდება. 26 მათგანი სამართალდამცველებმა, უშუალოდ კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაკავებულთაგან რამდენიმეს ბრალი არალიცენზირებული, ან აკრძალული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო წარუდგინეს.

ამასთან, კონტის თქმით, რესპუბლიკური და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტების სათავო ოფისებში ორი ხელნაკეთი ბომბი იქნა აღმოჩენილი. კაპიტოლიუმი მიმდებარე ტერიტორიაზე კი ავტომობილი დააკავეს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილებით იყო დატვირთული.

დედაქალაქის პოლიციის უფროსი დაღუპულების შესახებ საუბრობს. ერთ-ერთი მათგანს, ქალს, კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერმა მაშინ ესროლა, როდესაც ის კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდა.

დრამატული მოვლენების დროს, სამედიცინო პრობლემების გამო, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციის უფროსის თქმით, მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ესაჭიროებოდათ. კონტი დაზარალებულ სამართალდამცველებზეც საუბრობს. მისი თქმით, გასულ ღამეს 14 პოლიციელი დაშავდა, 2 მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ის მაინც დიდად ჩამორჩება პირველ ივნისს დაკავებულ ადამიანთა რიცხვს. მაშინ დედაქალაქის პოლიციამ, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის დროს, 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close