fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

არეულობების ჩაცხრობის შემდეგ აშშ-ის კონგრესმა მუშაობა განაახლა და არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

ტრამპის მომხრეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცეს. „სიენენის“ ინფორმაციით, კონგრესმა დაადგინა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა.

აშშ-ის პრეზიდენტობის მოსაპოვებლად 270-ხმიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, საბოლოო შედეგებით კი, საარჩევნო კოლეგიაში ჯო ბაიდენმა 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი – 232.

სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარი თქვეს ბაიდენის მიერ ჯორჯიისა და პენსილვანიაში მიღებული საარჩევნო ხმების გაუქმებაზე.

„რესპუბლიკელებმა“, ასევე, გააპროტესტეს არიზონაში, ნევადასა და მიჩიგანში ჯო ბაიდენის მიერ მიღებული საარჩევნო ხმები, მაგრამ ეს მცდელობაც დებატების დაწყებამდე წარუმატებლად დასრულდა.

როგორც ცნობილია, კონგრესის  გაერთიანებული სხდომა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, 6 იანვარს დროებით შეწყდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

ვაშინგტონის მერმა 6 იანვრის 18:00 საათიდან 7 იანვრის 06:00 საათამდე დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ოთხსაათიანი ქაოსის შემდეგ ვითარება განიმუხტა. კაპიტოლიუმის უშიშროების სამსახურის განცხადებით, კაპიტოლიუმი კვლავ „უსაფრთხოა“.

სამწუხაროდ, ტრამპის მხარდამჭერების ძალადობრივი ქმედებები მსხვერპლით დასრულდა – ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ქალიც, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი სროლის დროს კისერში დაიჭრა. სამწუხაროდ, ქალის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ასევე, დაშავდა პოლიციის, სულ მცირე, 14 ოფიცერი. 52-ზე მეტი ადამიანი სამართალდამცველებმა დააკავეს, მათგან რამდენიმეს იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად, 47-ს – კომენდანტის საათის წესების დარღვევა.

ვაშინგტონის მერმა მურიელ ბოუზერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან მოიხსნება. მერი შიშობს, რომ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც კონგრესში შეიჭრნენ, ძალადობრივი ქმედებები შესაძლოა ინაუგურაციის დღესაც გააგრძელონ.

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close