„გვინდა საქართველოში წარმოებული საათები შვეიცარიაში წარმოებულზე ძვირი ღირდეს“, – ზვიად ციკოლია საათების ლიმიტირებული სერიის ადგილობრივ წარმოება იწყებს
„გვინდა, რომ საქართველოში წარმოებული საათები შვეიცარიაში წარმოებულზე ძვირი ღირდეს“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა.
მედიაჰოლდინგთან „Tsikolia Watches“-ის დამფუძნებელმა საქართველოში აწყობილი საათების ახალი ხაზის, „მარინას“ წარმატებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში შექმნილი ლიმიტირებული სერიიდან თავისი პატრონი თითქმის ყველა საათმა იპოვა.
„პრაქტიკულად, საქართველოში აწყობილი ყველა საათი ახალი სერიიდან „მარინა“ გაიყიდა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ პოპულარული მოდელი გამოდგა, ვაპირებთ ფერთა გამა გავზარდოთ. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი დანადგარები ჩამოვიტანოთ და ყველაფერს სერიოზული წარმოების სახე მივცეთ. დიდი წარმოება ვერ იქნება, რადგან დიდი წარმოება სხვა ბაზარზე და სხვა სეგმენტზეა გათვლილი, ჩვენი საათები არ არის ამ სეგმენტზე გათვლილი და არც გვინდა, პირიქით შეიძლება ლიმიტირებული იყოს. ჩვენ საათების მასობრივ წარმოებას ჩამოვშორდებით და გადავალთ უფრო ლიმიტირებულ სერიაზე, როცა ადგილობრივი წარმოება დაიწყება. იქიდან გამომდინარე, რომ საათები ლიმიტირებული იქნება, საფასო ღირებულება გაიზრდება. ჯერჯერობით გეგმები ასეთია, რთულია წინასწარ იმსჯელო, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და დრო თავისას გვიჩვენებს. გვინდა, რომ საქართველოში წარმოებული საათები უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე შვეიცარიაში წარმოებული“, – განუცხადა „კომერსანტს“ ზვიად ციკოლიამ.
ცნობილი დიზაინერი ჰყვება, რომ Tsikolia Watches“-ის მთავარ ფლაგმანად Seven რჩება, თუმცა, მისივე თქმით, ბრენდი ახალი მოდელების შექმნაზე აქტიურად მუშაობას. კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც კომპანია საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს, კედლის საათია:
„Seven მაინც მთავარი ფლაგმანია, ჩვენი მოდელებიდან გამორჩეულია და ეს დარჩება ჩვენს სახედ. ვფიქრობთ ამ მიმართულებით ახალ ნაირსახეობები შევმატოთ ჩვენ გამას. რა თქმა უნდა, ამის გარდა სხვა მოდელებზეც მიდის მუშაობა და სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში. რამდენიმე დღის წინ ქალის თანამედროვე მოდელი VOGUE ჩაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ Seven პოპულარულ მოდელად რჩება, ჩვენს კატალოგში მაინც განსხვავებული მოდელი გამოჩნდა. ასევე აქტიურად მიდის მუშაობა ჩვენი ორიგინალური კედლის საათის კუთხით, ხდება პროტოტიპირება იმისთვის, რომ უკვე ყალიბები და სპეციალური აღჭურვილობა შევქმნათ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მცირე მასობრივი წარმოება დავიწყოთ საქართველოში და ჩვენი მომხმარებელი გავახაროთ“, – აცხადებს ზვიად ციკოლია.
commersant.ge
კომენტარები