ეკონომიკა

შაჰ-დენიზის საბადოდან, საქართველოს გავლით, ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო

შაჰ-დენიზის საბადოდან – ევროკავშირში, საქართველოს გავლით, გაზის მიწოდება დაიწყო. საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით, სამხრეთ კავკასიის გაზსადენით, აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის 7 ქვეყანას და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

692 კმ სიგრძის სამხრეთკავკასიური მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის დაპროექტდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროცესის დაწყებას ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს:

„გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზის სამხრეთი კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის მიწოდებას თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. ის ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და ამ კონტრაქტით საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს.

ამ მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმავე დერეფანში გადის, რომელშიც BTC მილსადენი, 2006 წელს დასრულდა. BTC მილსადენის მსგავსად, ისიც მიწაშია ჩაფლული. SCP მილსადენის საშუალებით კასპიის ზღვის შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მომხმარებელს მიეწოდება.

ტრანსადრიატიკული მილსადენით (TAP) აზერბაიჯანის გაზის ევროპაში მიწოდების დაწყებაზე Twitter-ში წერს ზერბაიჯანის ხელმწიფო ნავთონკომპანიაც (SOCAR).

„დღეს დაიწყო აზერბაიჯანის გაზის მიწოდება ევროპაში TAP-ის მეშვეობით. პირველად ისტორიაში აზერბაიჯანმა შეძლო თავისი ბუნებრივი გაზის ევროპის ბაზრისთვის მიწოდება მილსადენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

TAP AG-ის კონსორციუმმა  2020 წლის 13 ოქტომბერს განაცხადა ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 215 კმ – ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ – ადრიატიკის ზღვში და 8 კმ – იტალიის ტერიტორიაზე.

TAP-ი – ეს არის გაზის სამხრეთი კორიდორის ევროპული ნაწილი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანის გაზი შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპის ბაზარს მიეწოდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close