იტალიაპოლიტიკა

იტალია 10 დღე „წითელ ზონაში“ – საშობაო ლოქდაუნი დაიწყო

პრემიერ-მინისტრის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

დღეიდან, 24 დეკემბრიდან იტალიაში საშობაო შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც 6 იანვრის ჩათვლით გასტანს. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები ნაკლებად მკაცრია, ვიდრე მოსალოდნელი იყო – საქმე ისაა, რომ 18 დეკემბერს ძალაში შესული ე. წ. „საშობაო დეკრეტის“ თანახმად, მთავრობამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები დღესასწაულების დღეებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა შეამსუბუქა კიდეც ზოგიერთი შეზღუდვა, რომელსაც 3 დეკემბრის დეკრეტი ითვალისწინებდა.

„საშობაო დეკრეტის“ თანახმად:

  • „წითელ ზონებში“ დაშვებულია გადაადგილება დასახლებულ პუნქტებს შორის ერთი და იმავე რეგიონის ფარგლებში, მხოლოდ შეგიძლიათ ერთი ადამიანის თანხლებით  გაემგზავროთ. კომენდანტის საათის ძალაში რჩება 22:00-იდან 05:00 საათამდე.
  • უკვე 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში გადაადგილება რეგიონებს შორის, აგრეთვე, ბოლცანოსა და ტრენტოს ავტონომიურ პროვინციებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია (სამსახურებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევების გარდა). შეზღუდვა არ ეხებათ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ძირითად საცხოვრებელ ადგილას ბრუნდებიან.

ეს შეზღუდვა ვრცელდება არა მარტო მათზე, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მატარებელი, თვითმფრინავი და ა. შ.) გადაადგილდება, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებიც საკუთარი, კერძო სატრანსპორტო საშუალებით მოგზაურობენ, როგორიცაა, მაგ., ავტომობილი და მოტოციკლი.

  • სამხრეთ ტიროლში სხვა წესები მოქმედებს ნათესავებისა და მეგობრების ერთმანეთთან სტუმრობასთან დაკავშირებით.

10 „წითელი დღე“

24, 25, 26, 27 და 31 დეკემბერს (2020 წ.) და 1, 2, 3, 5, 6 იანვარს (2021 წ.) იტალია მთლიანად „წითელი ზონა“ იქნება, ამიტომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რეგიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია (სამსახურებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევების გარდა). შეზღუდვა არ ეხებათ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ძირითად საცხოვრებელ ადგილას ბრუნდებიან.

კომენდანტის საათი ისევ მოქმედებს 22:00-იდან  5:00 სთ-მდე (ანუ საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე), თუმცა დილის 5 საათიდან საღამოს 10 სათამდე დაშვებულია იმ მეგობრებისა და ნათესავების მონახულება, მთთან სახლში სტუმრობა, რომლებიც თქვენი რეგიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სტუმრად წასვლა ერთად შეუძლია მაქსიმუმ 2 ადამიანს (სათვალავში არ ითვლებიან 14 წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – შეგიძლიათ თან წაიყვანოთ 14 წლამდე ასაკის ბავშვები, საკუთარ შვილები ან სხვა ბავშვები, რომლებზეც მშობლის უფლება გაქვთ).

დაშვებულია სახლის ახლოს სეირნობა, სპორტული აქტივობა, მხოლოდ ინდივიდუალური და არა ჯგუფური.

გაითვალისწინეთ, რომ სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დაგჭირდებათ თვითსერტიფიკატის ფორმის შევსება, რა მიზნით გადაადგილდებით, რომელიც პოლიციის აგენტს უნდა წარუდგინოთ, თუ გაგაჩერებენ. 

ეს დეკლარაციები შემდგომ შემოწმებას ექვემდებარება და სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში დაჯარიმდებით (ჯარიმა 400-იდან 1000 ევრომდეა, რასაც ემატება კიდევ 1/3, თუ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებით).

ამ 10 „წითელი დღის“ განმავლობაში დაკეტილი იქნება მაღაზიები, ბარები, რესტორნები, საკონდიტროები, კაფე-სანაყინეები, სილამაზის სალონები, თუმცა საკვების გატანით გაყიდვა საზკვების ობიექტებს შეუძლიათ 22:00 საათამდე, სახლში მიტანის სერვისისთვის კი დროის შეზღუდვა არ არსებობს.

ღია იქნება:

  • საპარიკმახეროები;
  • თამბაქოს ჯიხურები;
  • პროდუქტის მაღაზიები;
  • აფთიაქები;
  • წიგნის მაღაზიები;
  • კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიები;
  • მოწყობილობების მაღაზიები;
  • სანტექნიკის მაღაზიები;
  • მცირეწლოვანი ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიები;
  • საგაზეთო ჯიხურები;
  • მომსახურების ობიექტების (სამრეცხაოები, საპარიკმახეროები, დამკრძალავი ბიუროები და სხვ.).

4 დღე „ნარინჯისფერ ზონაში“

მთელი იტალია „ნარინჯისფერი ზონა“ იქნება სადღესასწაულო პერიოდის 4 დღის განმავლობაში – 28, 29 და 30 დეკემბერს (2020), აგრეთვე, 4 იანვარს (2021).

გადაადგილება დაშვებულია დილის 5-იდან საღამოს 10 საათამდე მონაკვეთში, მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სადაც მოქალაქე ცხოვრობს.

მეორე მხრივ, მათ, ვის მუნიციპალიტეტშიც 5000-ზე ნაკლები მცხოვრებია, შეუძლიათ დატოვონ თავიანთი მუნიციპალიტეტების ფარგლები, მხოლოდ 30 კმ-ის რადიუსში, თუმცა უფლება არ აქვთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში (მთავარ ქალაქში) ჩავიდნენ.

მეგობრებისა და ნათესავების მონახულების წესები იგივე რჩება, რაც „წითელ დღეებში“.

რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, რესტორნები, ბარები დაკეტილი რჩება და მათ უფლება აქვთ საკვები გატანით გაყიდონ, აგრეთვე, სახლში მიტანით მოემსახურონ მსურველებს. „ნარინჯისფერ დღეებში“ გაიხსნება მაღაზიები, რომლებიც 21:00 სთ-მდე იმუშავებენ.

გამონაკლისები

ზოგიერთ რეგიონს ან მუნიციპალიტეტს შეუძლია მიიღოს ან შესაძლოა უკვე მიიღი უფრო მკაცრი ზომები ადგილობრივი დადგენილებებით, ვიდრე ეროვნულ დონეზეა განსაზღვრული, ამიტომ ყოველთვის ჯობია ინფორმაცია თქვენი მუნიციპალიტეტის პორტალზე გადაამოწმოთ.

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

პრემიერ-მინისტრის საიტზე არის განყოფილება, სადაც კითხვა-პასუხის ფორმატში მოცემულია უფრო დეტალური პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე (მაგ., რას ნიშნავს „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“). ამ ლინკზე გადასვლით უფრო დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. http://www.governo.it/it/articolo/domande-frequenti-sulle-misure-adottate-dal-governo/15638

ნინო ხოშტარია

p. s. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო (23 დეკემბრის საღამოს) მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა (70395; ბოლო ერთ დღეში 533 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა), ხოლო ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა 2 მილიონს უახლოვდება (1 991 278; ბოლო 24 საათში კიდევ 14 522 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი). აღსანიშნავია, რომ გასულ ერთ დღეში ჩატარებული ტესტირებების შედეგად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი – 7,9% – ყველაზე დაბალია ბოლო 60 დღის მანძილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება შემცირდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close