fbpx
ეკონომიკასაქართველო

საქართველოში წარმოებული პირბადეები გერმანიასა და ნიდერლანდებში ექსპორტზე გავიდა

ქართული წარმოების პირბადეები გერმანიასა და ნიდერლანდებში ექსპორტზე გავიდა. პანდემიის დროს დაარსებული საწარმო „რესპირატორის“ დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი bm.ge-ს უყვება, რომ პირველ ეტაპზე ევროპაში 100 ათასი პირბადე გავიდა, ტვირთი უკვე განბაჟებულია და მიმდინარეობს მზადება მეორე პარტიის გასაშვებად.

„ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ უკვე გაიტანა შეკვეთები გერმანიასა და ნიდერლანდებში. ეს იყო სატესტო გატანა, მომავალ კვირაში ველოდებით ახალ შეკვეთას“, – განაცხადა გალუსტიანმა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, როგორც გალუსტიანი ამბობს, საწარმომ წარმადობა გაზარდა და ამჟამად „რესპირატორი“ თვეში 12 მლნ პირბადეს აწარმოებს, რაც ქართული ბაზრისთვის აბსოლუტურად საკმარისია.

„თვეში უკვე ვაწარმოებთ 12 მლნ პირბადეს, რაც საქართველოს ბაზრისთვის აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის მაქსიმუმი, რაც ქართულმა ბაზარმა შეიძლება აითვისოს. ყველა დიდ კომპანიას და სააფთიაქო ქსელს ჩვენ ვაწვდით პროდუქტს. დავიწყეთ ასევე პირბადეების წარმოება ქართული დროშით და წარწერით Made In Georgia. ამჟამად „რესპირატორში“ 40-მდე ადამიანი მუშაობს და თანამშრომლები ორ ცვლაში არიან გადანაწილებული. წარმადობის გაზრდის გამო 12 თანამშრომელი დავამატეთ“, – განაცხადა გალუსტიანმა.

მისივე თქმით, მიუხედავად წარმოების გაზრდისა, პირბადის თვითღირებულება შემცირებულია და შემოსავლის თვალსაზრისით „დიდი არაფერია“.

„როცა პანდემია დაიწყო, საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ მანქანა-დანადგარებში, 1 მლნ-ზე მეტი. ვცდილობთ, რომ ეს დანახარჯი ამოვიღოთ. გარდა ამისა, ინვესტიციის მიღმა შეძენილი გვაქვს ნედლეული, რომელიც უნდა გაიხარჯოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, პანდემია მალე დასრულდება და ჩვენ დავუბრუნდებით ძველ საქმიანობას, რადგან ამ საქმის გაგრძელებას არ ვგეგმავთ. ამ ბიზნესს არანაირი მომავალი არ აქვს, რადგან საქართველოში პირბადის მოხმარება არის საშუალოდ თვეში 1 მლნ პირბადე, ხოლო მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისას აწარმოებს და ექსპორტზე გატანაც ვერ დაიგეგმება“, – განაცხადა სერგო გალუსტიანმა.

საწარმოს დამფუძნებელი ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ პირბადების მწარმოებელ დანადგარებს სახელმწიფოს გადასცემს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close