ქართველები უცხოეთში

ქართველი ემიგრანტის მძიმე ტრაგედია – მას დღეს კრემაციას ჩაუტარებენ

საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს, ქეთი წივწივაძეს დღეს, 19:00 საათზე ათენში კრემაციას ჩაუტარებენ.

ის საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ 10 წლის წინ წავიდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ მისი მეგობრები უყვებიან, ქეთი სამსახურში შეუძლოდ გახდა და მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მას 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

„წინა დღეს ველაპარაკეთ. კარგად გრძნობდა თავს. საგანგაშო არაფერიაო, – ამბობდა, თუმცა მეორე დღეს დარეკეს და ეს ამბავი შეგვატყობინეს“, – ყვება ქეთი წივწვივაძის მეგობარი.

აღმოჩნდა, რომ ქართველ ემიგრანტს საავადმყოფოში კორონავირუსიც დაუდგინეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი დამძიმება გამოიწვია.

ოჯახს და ახლობლებს სურდათ ცხედარი საქართველოში გადმოესვენებინათ. საქმეში ჩართული იყო, როგორც საქართველოს საკონსულო, ისე საპატრიარქო, თუმცა ბერძნულმა მხარემ კოვიდინფიცირების გამო ცხედრის გადასვენებაზე კატეგორიული უარი თქვა.

საბერძნეთში ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, ქეთი წივწივაძის ცხედარი კრემატორიუმში გადაასვენეს, სადაც მას კრემაციას ჩაუტარებენ.

„10 წლის წინ ჩამოვიდა აქ. როგორც ყველა ისე მუშაობდა. ვერც ცოცხალი და ვერც გარდაცვლილი ვერ დაუბრუნდა თავის ქვეყანას და ოჯახს“, – ამბობს ქეთის ერთ-ერთი ახლობელი ქართველი ემიგრანტი.

primetime.ge

p. s. ათენში გარდაცვლილი ემიგრანტის ქეთევან წივწივაძის ოჯახის ახლობლმა საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განმარტა, როგორ განვითარდა მოვლენები და რატომ მიიღო საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახმა კრემაციის გადაწყვეტილება:

„თვის დასაწყისში საავადმყოფოში მწვავე ქოლეცისტიტის გამო მოუხდა დაწოლა. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში დაწოლისას ქეთის კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ქეთისთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა. ხუთშაბათს და პარასკევს საუბრისას უკეთ მომეჩვენა და ვიფიქრე რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ამავე დღეს ექიმმა ჩემი, როგორც აქ მყოფი ნათესავის, საკონტაქტო ინფორმაცია გამოართვა. ანალიზებზე პასუხის ლოდინში დადგა შაბათ-კვირა. ამ დღეებში მისი ექიმი არ მუშაობდა შესაბამისად არ დამკავშირებია. მან დამირეკა ორშაბათს. საუბარი ქეთის ანალიზების პასუხებით დაიწყო და ღვიძლის გადანერგვის პროგრამაც ახსენა, რადგან აღმოჩნდა, რომ ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ სამწუხარო ამბავი მაცნობა.

ქეთი გარდაიცვალა ორშაბათს დილას (14 დეკემებერს) მწვავე ქოლეცისტიტითა და სეფსისით.

როგორც ასეთ სიტუაციაში ხდება, იმ დღესვე დავუკავშირდით საელჩოს, რომელმაც ჩემი ტელეფონის ნომერი გადასცა დამკრძალავ ბიუროს და შევთანხმდით საავადმყოფოში შეხვედრაზე. მისვლისა და ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ აუღეს კორონავირუსის ტესტი და ერთი დღე სჭირდებოდა პასუხს.

სამშაბათს დამიკავშირდა დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი და მითხრა, რომ კოვიდზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ასევე მაცნობა, რომ არსებულ ვითარებაში იყო ორი ვარიანტი:

1. ხუთი წლით დაკრძალვა პირეას სკისტოს სასაფლაოზე. აქვე მაცნობა, რომ კოვიდიან გარდაცვლილებს ისეთი ცელოფნით კრძალავენ, რომელიც ხელს უშლის გახწრნის პროცესს, რის გამოც გაცილებით დიდი დრო ესაჭიროება და შესაბამისად ხუთი წლის შემდეგ საბოლოოდ ისევ იქ მოუწევდა დაკრძალვა;

2. კრემაცია და ფერფლის გადასვენება.

ეს ყველაფერი ავუხსენი მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ერთი ხმით გადაწყდა, რომ მეორე ვარიანტით უნდა გვესარგებლა, რათა არ დაკარგულიყო მისი საფლავი. მამაოსგან ავიღეთ კურთხევა და არსებული ვითარებიდან (კოვიდის გამო საპატრიარქოს მიერ დაშვებული გამონაკლისია გარდაცვლილთა კრემაციით გადმოსვენება).

მინდა დავამატო, რომ ქეთის პირადი ნივთები დაცულია და უკლებლივ გადაეცემა მისი ოჯახის წევრებს.

გთხოვთ თავი შეიკავოთ უცენზურო და ნეგატიური კომენტარებისგან და მისცეთ ოჯახს გლოვის საშუალება“, – წერს ქეთი წივწივაძის ოჯახის ახლობელი.

სტატია განახლებულია, დამატებული აქვს p. s.-ს ნაწილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close