ეკონომიკამოგზაურობა

ორ თვეში საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მომავალი წლის თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ მან უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს. იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად მსოფლიოში და საქართველოშიც პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს, თვითონ ფრენების ინტენსივობა კომპანიების ნება-სურვილით იყო შემცირებული, მაგრამ გაზაფხულიდან გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი. ვფიქრობ, რომ უკვე თებერვლიდან ჩვენ ე.წ. ნოტამს ალბათ გავაუქმებთ და სრულად გავხსნით ფრენებს. „ვიზეარმაც“ დააანონსა, რომ კვლავ აღადგენს საქართველოში მუდმივმოქმედ ბაზას. კომპანია აპირებს, მიმართულებები კვლავ გაააქტიუროს და ახალი მიმართულებებიც დაამატოს. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციის კვალობაზე, მთლიანად მსოფლიოში პანდემიის დაძლევის კვალობაზე, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივები ამ თვალსაზრისით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად წარმატებით გრძელდება და ერთი დღითაც არ შეფერხებულა სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა თითქმის 9 თვეა შეწყვეტილია. ამ ხნის განმავლობაში რეგულარული ფრენების აღდგენა რამდენჯერმე გადაიდო, სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები. მიმდინარე წლის ნოემბრიდან, მთავრობის დადგენილებით, რეგულარული ავიამიმოსვლა გამონაკლისის სახით მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close