მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში 16 დეკემბრიდან მკაცრი ლოქდაუნი წესდება

16 დეკემბრიდან მთელ გერმანიაში შეწყვეტენ მუშაობას საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სასურსათო მაღაზიების გარდა, იკეტება სკოლები და საბავშვო ბაღები. შეზღუდვები, სულ ცოტა, 10 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის ფონზე კანცლერმა მერკელმა მკაცრი ლოქდაუნის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შემზღუდავი ზომები ანგელა მერკელმა და 16 ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრებმა კვირას, 13 დეკემბერს ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას დაამტკიცეს.

სასურსათო მაღაზიების გარდა არ დაიკეტება, აგრეთვე, აფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიის და საგალანტერიო ნაწარმის მაღაზიები, იმუშავებენ ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, შემნახველი სალაროები და საფოსტო განყოფილებები.

გათვალისწინებულია ზოგიერთი გამონაკლისიც – საშობაო დღესასწაულებზე, 24-26 დეკემბერს ნებადართულია შეხვედრები ვიწრო ოჯახურ წრეში. ასეთ შეხვედრებზე ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა (არაუმეტეს 9 ზრდასრული წევრისა) ფედერალურმა მიწებმა უნდა განსაზღვრონ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. ახალი წლის დღეებში – 31 დეკემბერს და პირველ იანვარს აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, მოქალაქეებს დაბეჯითებით ურჩევენ, თავი შეიკავონ ფეიერვერკების გაშვებისგან.

მკაცრი კარანტინის პერიოდში ნებადართულია ღვთისმსახურებაზე დასწრება ტაძრებში, თუმცა აუცილებელია დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება. ტაძრებში გუნდური სიმღერა აკრძალულია. დიდი მასშტაბის ღვთისმსახურებაზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ჩაწერა. 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ გერმანიის სხვა რეგიონებში ან საზღვარგარეთ გამგზავრებისგან იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

დაწესებულებებს და საწარმოებს, რომლებიც ლოქდაუნის გამო დაზარალდებიან, სახელმწიფოსგან უფრო ფართო მხარდაჭერა ექნებათ. დახმარების მაქსიმალური თანხა 200 ათასიდან 500 ათას ევრომდე იზრდება, მხოლოდ იმ კომპანიების შემთხვევაში, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად ემუქრებათ გაკოტრება. გათვალისწინებულია კომპენსაცია საქონლის ფასის შემცირების გამოც.

მშობლებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ აიღონ ანაზღაურებადი შვებულება ბავშვების მოვლისთვის.

ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2 ნოემბერს დაწესებულმა შემზღუდავმა ზომებმა სათანადო შედეგი არ გამოიღო და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ რთული რჩება.

„ვიცით, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან დაიღალა. საჭიროა სასწრაფო ზომები: მიზანი რჩება ის, რომ დავუბრუნდეთ კონტაქტების ჯაჭვის აღდგენის შესაძლებლობას“ და დაავადების გავრცელების იმ დონეს, როდესაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაქსიმუმ 50 ახალი შემთხვევა იქნება ერთი კვირის განმავლობაში, – განმარტა კანცლერმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close