პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში კარანტინის ვადა 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა უკვე დაიწყო

 

საბერძნეთმა საყოველთაო კარანტინი, რომლის ვადა 7 დეკემბრის დილის 6 საათზე იწურებოდა, 14 დეკემბრის დილის 6 საათამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეცასმა ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურდება და, შეიძლება ითქვას, მცირდება კიდეც, თუმცა გაცილებით ნელი ტემპებით, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ეროვნულ დონეზე საავადმყოფოებიდან უფრო მეტი პაციენტი ეწერება, ვიდრე ათავსებენ, თუმცა საბერძნეთის ჩრდილოეთში ბევრი საავადმყოფო ძველებურად მძიმე მდგომარეობაშია. „ამ მონაცემებით აშკარაა, რომ ეკონომიკური და სოციალური აქტივობის თანდათანობით გახსნა დროში გახანგრძლივდება“, – განაცხადა მან.

სტელიოს პეცასის ინფორმაციით, გამონაკლისი იქნება საშობაო პროდუქციის მაღაზიები, რომლებიც 7 დეკემბრიდან გაიხსნება. საშობაო პროდუქცია სუპერმარკეტებშიც შეიძლება გაიყიდოს.

ბრიფინგზე პეცასმა ვაქცინაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთელ საბერძნეთში უკვე იქმნება ვაქცინაციის 1018 ცენტრი, სადაც, არსებული გათვლებით, თვეში 2  მლნ-ზე მეტი (უფრო ზუსტად – 2117440)  მოქალაქის აცრა იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, თუ ანალოგიურ პერიოდში მეტი ვაქცინა შემოვა, შესაძლებელი იქნება დამატებით კიდევ ცენტრების გახსნა და მოქალაქეების აცრა.

მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ვაქცინაცია საბერძნეთში მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი და უფასო იქნება, თუმცა მანამდე ჩატარდება სპეციალური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ აიცრება პირველად, პეცასმა განაცხადა, რომ პირველები ვაქცინას მიიღებენ სამედიცინო მუშაკები, 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქები და ისინი, ვისაც რამე დაავადება აქვს, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს, ხოლო შემდეგ – სხვა მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, იმისათვის, რომ აცრა გაიკეთოს, მოქალაქე წინასწარ უნდა ჩაეწეროს მიღებაზე SMS-ით, ონლაინ ან ტელეფონით.

რამდენიმე ვაქცინა ერთიმეორის მიყოლებით საბოლოო დამტკიცების ეტაპზეა და ჩვენს ქვეყანაში დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში შემოვა, ევროპის სხვა ქვეყნების პარალელურად, მოსახლეობის პროპორციულად, ერთი და იმავე რაოდენობით და იმავე ხარჯს გაიღებს ევროკომისია, როგორც სხვა ქვეყნებში, აღნიშნა ბრიფინგზე სტელიოს პეცასმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს საღამოს გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, გასულ 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსს 100 ადამიანი ემსხვერპლა და 1882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში აღრიცხულია 111537  შემთხვევა, მათგან ლეტალური აღმოჩნდა 2706. ამ დროისთვის ინტუბაციური პაციენტების რაოდენობა 622-ს უდრის.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close