კახი კავსაძე კოვიდ-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახალხო არტისტი კახი კავსაძე სუნთქვის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადათ, რომ უკვე ერთი კვირაა, მთელი ოჯახი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
„ტკივილები ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ კლინიკაში გადასულიყო. უცებ, რომ რამე დასჭირდეს, იქვე იქნება. უკვე ერთი კვირაა ყველანი დაინფიცირებულნი ვართ. რას გაიგებ, ვისგან დავსნებოვნდით. ამის გაგება უკვე ძნელია. ყველანი თვითიზოლაციაში გახლავართ“, – უთხრა გამოცემას ივერი კავსაძემ.
– ლევან რატიანის კომენტარმა გაიჟღერა, სუნთქვის გართულება აქვსო.
– ეგ არ ვიცი. კახი მყვირალა კაცია, ჯაჯღანებდა და იყო ერთ ამბავში. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა და მთავარ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მე ყველაზე ჯანმრთელად ვგრძნობ თავს, მაგრამ გარეთ ვერ გავდივარ, რომ მივხედო კახის.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა, გაუმჯობესებული სუნთქვის პარამეტრებიც.
„კახი კავსაძე შემოიყვანეს გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე. მდგომარეობა შემოყვანისას იყო კრიტიკული. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია. მინდა, გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ბატონ კახისთან ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ. ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა შეინიშნება. ჰემოდინამიკა გახდა სტაბილური, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებ, რომ ჩატარებული ღონისძიებები და ის, რაც მომავალში ჩაუტარდება, გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ინფორმაცია განახლებულია 29 ნოემბერს, 13:30 სთ-ზე, კერძოდ, დამატებული აქვს ბოლო 2 აბზაცი.
კომენტარები