კრიმინალისაქართველო

გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებულს ბრალი 4 მუხლით წაუყენეს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო „ლიკვიდაციის საქმეზე“ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს კი ბრალი 4 მუხლით წაუყენეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

  1. სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ადევნებისთვის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-იდან 180 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
  2. სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
  3. სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;
  4. სისხლის სამართლის კოდექსის 362 მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამ მუხლებით ბრალდებულს მაქსიმუმ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ბრალის წაყენების შემდეგ ეს საქმე სასამართლოში დამოუკიდებელ საქმედ წავა.

ცალკე გამოიყოფა გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაწყებული გამოძიება.

რუსეთის მოქალაქე  ვასამბეკ ბოკოვი (დაკავებული მამაკაცის ყალბ პირადობის მოწმობაში ეს გვარი და სახელი იყო ჩაწერილი, სინამდვილეში, გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი რუსეთის მოქალაქე მაგომედ გუციევია) 12 ივნისს დააკავეს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში. სავარაუდოდ, მისი სამიზნე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილი ლიკვიდაციის მცდელობა შესაძლებელია უკავშირდებოდეს  ჟურნალისტის მიერ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი ტელევიზიით უცენზურო მიმართვას. მაშინ გაბუნია „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა და გადაცემა „პოსტ სკრიპტუმი“ მიყავდა.

ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემენ“.

გიორგი გაბუნიამ შესაძლო შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების შემდეგ ისევ მიმართა პუტინს უცენზურო სიტყვებით, ამჯერად უკვე „მთავარი არხის“ ეთერიდან, ისევ გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მსვლელობისას.

ამავე თემაზე: გიორგი გაბუნიამ ვლადიმირ პუტინს მიმართა: „ვალოდია, დარაგოი ტი მოი, ვოვოჩკა…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close