გუშინ, 24 ნოემბერს შოტლანდიაში მიიღეს კანონი, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ყველა ქალის უფასოდ მომარაგებას ჰიგიენური საფენებით და იმ ძირითადი პროდუქციით, რომელიც მათთვის მენსტრუაციის პერიოდში აუცილებელია. მსგავსი პრეცედენტი დღემდე არ არსებობდა არათუ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ მედია წერს.
ინიციატივა 2020 წლის თებერვალში ოფიციალურად დაამტკიცა შოტლანდიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მისი მეთაურის, ნაციონალური პარტიის ლიდერის, ნიკოლა სტერჯონის მეთაურობით, 24 ნოემბერს კი ედინბურგის პარლამენტმა მას მწვანე შუქი მისცა და ერთხმად დაუჭირა მხარი.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, სანიტარიული საფენებით მომარაგება დაევალებათ როგორც ადგილობრივ მთავრობებს, ისე სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შოტლანდიის სხვადასხვა რაიონში.
„ამ კამპანიას მხარი დაუჭირა პროფკავშირების, ქალთა ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დიდმა კოალიციამ, – განაცხადა შოტლანდიის პარლამენტის დეპუტატმა მონიკა ლენონმა, რომელიც კანონის ერთ-ერთი აქტიური მომხრე იყო და დასძინა: – ეს არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ქალებისთვის მენსტრუალური ციკლის დროს საჭირო პროდუქციის თავისუფალი ხელმისაწვდომობა შეიძლება გარანტირებული იყოს“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები