მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთი საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას 28 ნოემბრიდან დაიწყებს

საფრანგეთი საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას 28 ნოემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობისადმი ტელემიმართვისას განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მეორე ტალღის ყველაზე რთული ეტაპი უკვე დასრულებულია. მისი თქმით, დაიწყება შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება, რომ საშობაოდ მაღაზიები გაიხსნას და მოქალაქეებმა დღესასწაულის გატარება ოჯახის წევრებთან შეძლონ.

28 ნოემბრიდან ანუ შაბათიდან დასაშვები იქნება ფიზიკური აქტივობისთვის სახლიდან გასვლა სამი საათით 20 კილომეტრის რადიუსის მანძილზე. დასაშვები ხდება რელიგიური შეკრებები, თუმცა არაუმეტეს 30 ადამიანისა. მაღაზიები იმუშავებს საღამოს ცხრა საათამდე. გაიხსნება წიგნის მაღაზიები და ბიბლიოთეკები.

მაკრონის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, 15 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება კარანტინის გაუქმება, თუმცა ძალაში დარჩება კომენდანტის საათი 21:00-იდან 07:00 საათამდე. გამონაკლისი დაიშვება შობისა და ახალი წლის ღამეებზე.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ რესტორნები, კაფეები და ბარები 20 იანვრამდე დაკეტილი იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა. გააკეთეთ ყველაფერი, მესამე „ლოკდაუნის“ თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაიწყება. ვაქცინაცია თავდაპირველად რისკჯგუფების წარმომადგენლებსა და ხანდაზმულებს ჩაუტარდებათ. მაკრონმა აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითი იქნება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close