fbpx
საქართველოსპორტი

ლანჩხუთელმა გოგონებმა გადარიეს მთელი დუნია – „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზეა

რაც კაცმა ფეხბურთელებმა ვერ გააკეთეს, გოგოებმა შეძლეს!

პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს საფეხბურთო კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს და ეს ლანჩხუთელმა გოგონებმა შეძლეს!ქალთა საფეხბურთო კლუბი„ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

როგორც gurianews.com-მ წერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი“, რომელმაც პირველ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონს  სძლია, დღეს  ადგილობრივ „ოლიმპია კლუჟს“ დაუპირისპირდა და დაამარცხა რუმინეთის მრავალგზის ჩემპიონი. 

პირველად გურულებმა მეტოქის კარი თამაშის 41-ე წუთზე თავურით აიღეს, თუმცა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდნენ ჩვენებურები და 67-ე წუთზე კიდევ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი და ტაბლოზე 0:1-იც დაფიქსირდა.

დარჩენილ დროში ჩვენმა გოგონებმა ვაჟკაცურად გაუძლეს მეტოქის იერიშებს და ბოლო წამზე ცარიელი კარიდანაც კი გამოიტანეს ბურთი. საბოლოოდ მსაჯის სასტვენმა ლანჩხუთელი გოგონების ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა. დღევანდელი გამარჯვებით, „ლანჩხუთმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ქალთა საფეხბურთო კლუბი„ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

 

საგულისხმოა, რომ „ოლიმპია კლუჟი“ რუმინეთის ქალთა ჩემპიონატის შექმნიდან ქვეყნის ერთადერთი ჩემპიონია და ტიტულს ზედიზედ 10 წელია არავის უთმობს. რუმინეთის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 44-ე გახლავთ (ჩვენი გუნდი 115-ე), ეროვნულ ნაკრებში კი ძირითადად „კლუჟის“ ფეხბურთელები თამაშობენ. წელს ჩემპიონატში გამართული 9 მატჩიდან ყველა მოიგეს, 40 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს.

უნდა ითქვას, რომ  ლანჩხუთელ გოგონები და მათი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჩხაიძე მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, თამაშამდე საკმაოდ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილები.

„გპირდებით, მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ და ბოლომდე დავიხარჯებით“,- პირობას იძლეოდა მატჩის წინ გიორგი ჩხაიძე.

ლანჩხუთელთა შემადგენლობა: გაბუნია; ალელიშვილი; ჩხარტიშვილი; ჭყონია (წოწერია); დანელია; დიმოპოლო( ნარსია); გასვიანი; გუჯაბიძე; კალანდაძე; ხაბურძანია; თოდაძე.

სათადარიგოები: გობრონიძე, გოგეშვილი, კახიძე.

P.S.INFO: „მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან! გილოცავთ!“ – ასე  ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ წარმატებას.

„ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ძალიან მიკვირს აღნიშვნები პათოსით: „უი, ხომ ხედავ, კაცებსაც კი აჯობეს“. ყოველგვარი პოლიტკორექტული კეკლუცის გარეშე – დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში, საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს – კაცებისგან ერთმანეთისთვის გამეტებული ტყვიით დაცხრილული ქვეყანა.

ჰოდა, მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან! გილოცავთ!“ – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close