საქართველომ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები 2021 წლის პირველ იანვრამდე გაახანგრძლივა
უქმდება რამდენიმე დაგეგმილი რეისი
საქართველომ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაახანგრძლივა საერთაშორისო სამოქალაქო ავიამიმოსვლის შეზღუდვა, თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება იმ რეგულარულ რეისებს, რომლებიც მანამდე სრულდებოდა. ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.
საქართველოს მხრიდან შეზღუდვები არ ეხება რეგულარულ რეისებს თბილისის აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰის, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისის აეროპორტიდან – რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებით, თუმცა, როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო ევროპის ქვეყნების ნაწილმა ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები დააწესა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესული განაცხადის შესაბამისად, ავიაგადამზიდველი დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება.
ამავე შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე 28 ნოემბრამდე დანიშნული რიგა-თბილისი-რიგის რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, ასევე 3 დეკემბრის ფრენა ამავე საჰაერო ხაზზე, თუმცა ავიაკომპანია ასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.
ცვლილებებია ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენის განრიგში. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები. ავიაკომპანიამ ასევე გააუქმა 13, 20 და 27 ნოემბრის თბილისი-პარიზი-თბილისის, 22 ნოემბრის თბილისი-ვენა-თბილისის, ასევე 18 და 25 ნოემბრის თბილისი-ბერლინი-თბილისის ფრენები.
გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები.
ამიტომაც მგზავრებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მგზავრობის დაგეგმვისას ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – წერია avianews.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო სამოქალაქო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის მარტში აკრძალა კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში. შემოდგომაზე თანდათან დაიწყო ამ აკრძალვის მოხსნა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო პროცესი წლის ბოლომდე შეჩერდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები