ჟურნალისტებმა თამარ ჩიხლაძემ და თეონა ბაკურიძემ „TV პირველი“ დატოვეს
ჟურნალისტებმა თამარ ჩიხლაძემ და თეონა ბაკურიძემ „TV პირველი“ დატოვეს. თეონა ბაკურიძე გადაცემა „დღის ამბების“ წამყვანი იყო, ხოლო თამარ ჩიხლაძეს კი გადაცემა „ღამის ამბები“ მიყავდა.
ტელეარხიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთთან“ საუბარში დაადასტურეს ჩიხლაძემ და ბაკურიძემაც. ისინი გამოცემასთან საუბარში არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, თუ რა გახდა არხის დატოვების მიზეზი.
ამასთანავე, ჯერჯერობით, უცნობია, თუ სად გააგრძელებენ ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც არხიდან სხვადასხვა გადაცემის ჟურნალისტები მიდიან. ივნისში TV პირველი დატოვეს წამყვანებმა – ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა, მათთან ერთად არხიდან წავიდა მათი გადაცემების სარედაქციო გუნდიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისამდე არხის საინფორმაციო სამსახურს სწორედ ნინო ჟიჟილაშვილი ხელმძღვანელობდა. ჟიჟილაშვილმა აღნიშნული თანამდებობა მანამ დატოვა, სანამ არხიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ამის შემდეგ არხის საინფორმაციო სამსახურს სათავეში ინგა გრიგოლია ჩაუდგა. გრიგოლიამ უკვე ივნისში დატოვა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა, რომელიც კვლავ არხის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დაიკავა.
tabula.ge
კომენტარები