ამუშავდა ვებსაიტი, სადაც მოქალაქეს თავისი პირადი ექიმის პოვნა შეუძლია
დღეიდან, 16 ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა ვებსაიტი (ambulatoria.moh.gov.ge), რომლითაც მოქალაქეებს საკუთარი პირადი ექიმის საკონტაქტო მონაცემების მოძიება ელექტრონულად შეუძლიათ. ამის შესახევ მედიას ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.
„ეს განტვირთავს 112-ს“, – განაცხადა მინისტრმა.
ოჯახის ექიმის მოძიებისთვის მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანა საჭირო. პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოქალაქე ნახულობს ექიმის სახელს და გვარს, კლინიკის დასახელებას, მისამართსა და ტელეფონის ნომერს.
- თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს.
- თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.
ვებსაიტის შექმნა ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოქალაქეები ოჯახის ექიმთან დასაკავშირებლად 112-ზე რეკავდნენ. ამან 112-ის სისტემა გადატვირთა და მოქალაქეების ნაწილი ვერ ახერხებდა გადაუდებელი საჭიროებისთვის დარეკვას ან რამდენიმე წუთის განმავლობაში მოცდა უწევდათ.
წყარო: radiotavisufleba.ge
კომენტარები