მედიცინამსოფლიო

ამერიკულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია

ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტიანია. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოდერნაში“ აცხადებენ, რომ დღეს მათთვის „დიდი დღეა“ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შევსებას უახლოეს კვირებში აპირებენ.

კვლევაში, რომელსაც კომპანია „მოდერნა“ ეყრდნობა, 30 000 ადამიანი მონაწილეობდა და ის აშშ-ში ჩატარდა. კვლევაში მონაწილე პირთა ნახევარმა ვაქცინა ოთხკვირიანი ინტერვალით მიიღო. ხოლო დანარჩენებს პლაცებო გაუკეთეს. ანალიზი კი ეფუძნება იმ 95 პაციენტის მონაცემებს, რომლებსაც „კოვიდ-19“ დაუდგინდა.

როგორც აღმოჩნდა, 95 პაციენტიდან კორონავირუსის დიაგნოზი, ვაქცინის მიღების შემდეგ მხოლოდ ხუთ პირს დაუდასტურდა. დანარჩენი 90 შემთხვევა იმ პირებთან გამოვლინდა, რომელთაც პლაცებო მისცეს.

მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ლიცენზიის მიღებიდან მალევე აშშ-ში ხელმისაწვდომი იქნება მათი ვაქცინის 20 მილიონი დოზა. ხოლო მომავალი წლის გეგმა ერთი მილიარდი დოზის წარმოებას ითვალისწინებს, რაც მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს.

Pfizer-ი და Moderna პირველები არიან, რომლებიც ფართო კვლევათა ადრეული შედეგების შესახებ იუწყებიან.

აღსანიშნავია, რომ სერიოზული გვერდითი ეფექტები არცერთი ვაქცინის ცდების მონაწილეებში არ დაფიქსირებულა.

მოდერნას განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე მას ვაქცინის 20 მილიონი დოზა ექნება მზად; Pfizer-ი კი აცხადებს, რომ ამ დროისათვის მას 50 მილიონი დოზა ექნება. ორივე ვაქცინა მოითხოვს ორ აცრას, შესაბამისად, 20 მლნ ვაქცინა საკმარისი იქნება 10 მილიონი ადამიანისთვის.

ვაქცინის შესაქმნელად მიმდინარე გლობალურ „რბოლაში“, კლინიკური ცდების დასკვნით, მე-3 ფაზაში იმყოფება 10 სხვადასხვა კომპანიის კანდიდატი ვაქცინაც. კიდევ 50-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა ტესტირების უფრო ადრეულ ეტაპზეა.

ამ კომპანიების პროდუქტები გზას უხსნის ვაქცინების შექმნის სრულიად ახალ მეთოდს, რომელიც გაცილებით სწრაფია. ორივე მათგანი იყენებს კორონავირუსის გენეტიკური მასალის სინთეტიკურ ვერსიას, რომელსაც საინფორმაციო რნმ-ს ან mRNA-ს უწოდებენ, რომელიც ადამიანის უჯრედს ვირუსის ფრაგმენტის ბევრი ასლის შექმნას აიძულებს. ეს ფრაგმენტები კი იმუნურ სისტემაში განგაშს ტეხს და მას თავდასხმას აიძულებს ისე, თითქოს ორგანიზმში ნამდვილი ვირუსი იყოს შეჭრილი. შედეგად კი წარმოიქმნება კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ამ ტექნოლოგიით სხვა ინფექციათა რამდენიმე ვაქცინაზე და კიბოს თერაპიაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ გამოყენებისთვის არცერთი მათგანი არ დამტკიცებულა.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close