TV „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ე. წ. ლოქდაუნისთვის ემზადება
„ფორმულას“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ დაუდასტურა, რომ ხელისუფლებამ ე. წ. ლოქდაუნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. წყაროს ცნობით, შესაძლოა ლოქდაუნი უახლოეს მომავალში ამოქმედდეს.
სავარაუდოდ, ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციურ პარტიებს შაბათს, 14 ნოემბერს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია აქვთ დაგეგმილი.
ამ დროისთვის ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. პოლიტიკური პარტიები პერმანენტულ აქციებს მართავენ. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
პერმანენტულ აქციებს მართავენ სამოქალაქო აქტივისტებიც. პარტიების პარალელურად, მმართველ გუნდს ისინიც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
12 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების სულ 69 681 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2358 ადამიანი გამოჯანმრთელდა (სულ – 52 169). ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი (11 ნოემბერს კოვიდ-19-მა 45 ადამიანი იმსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო). გარდაცვლილთა რიცხვი 599-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევიდან 1033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ამ დროისთვის აქტიური ინფიცირებულების რიცხვი 16 887-ს აღწევს.
კომენტარები