ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვაქცინის ექსპერტი ჯონ ბელი აცხადებს, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი წლის გაზაფხულისთვის უნდა დაუბრუნდეს. მან ეს განცხადება Pfizer/BioNTech announcement-ის მიერ გავრცელებული დღევანდელი ინფორმაციის შემდეგ გააკეთა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის პროფესორი მედიცინის დარგში სერ ჯონ ბელი (Sir John Bell) ე. წ. ოქსფორდის ვაქცინის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის წევრია. იგი ამ დარგში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, ამდენად, მისი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ბრიტანეთისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, – წერს „გარდიანი“.
ჯონ ბელის თქმით, არაჩვეულებრივი სიახლეა კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, რომ Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა კოვიდინფექციის პრევენციაში. ბელი ამბობს, რომ 90%-იანი ეფექტიანობა „განსაცვიფრებელია“.
არსებული ინფორმაციით, კეთდება ვაქცინის ორი დოზა 28-დღიანი შუალედით და, კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინაციის დასრულებიდან ერთ კვირაში პაციენტები უკვე დაცულები არიან კორონავირუსისგან.
კომპანიების – Pfizer-ისა და BioNTech announcement-ის განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1,3 მილიარდამდე გაზრდიან.
BBC Radio-ს ეთერში წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ვაქცინა, რომ გაზაფხულისთვის ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს, ბელმა უპასუხა:
„დიახ, დიახ, დიახ. ალბათ მე პირველი ვარ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ვიტყვი ამას დარწმუნებით“ (“Yes, yes, yes. I’m probably the first guy to say that but I will say that with some confidence“).
ბელის თქმით, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში 2020 წლის წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში ერთზე მეტი ვაქცინა იქნება და იგი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა იყოს ქვეყანაში ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის კარგი ვაქცინა.
როგორც ცნობილია, შვედურ-ბრიტანულმა კომპანია AstraZeneca-მ კორონავირუსის ვაქცინის (Oxford-Astrazeneca-ს ვაქცინა) მასობრივი წარმოება უკვე დაიწყო, კლინიკური კვლევების დასრულებამდე. ამის შესახებ 2 ნოემბერს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, კატალონიელმა ექიმმა ხოსე ბასელგამ განაცხადა. მისი თქმით, „არ სურთ, რომ კიდევ ნახევარი წელი დაიკარგოს“ ვაქცინის გამოცდის საბოლოო დასრულებასა და მასობრივ წარმოებაზე გადასვლას შორის, ამიტომ უკვე 2021 წლის დასაწყისისთვის 3 მილიარდი დოზა იქნება მზად.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები