ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა COVID-19-ის ინფექციის პრევენციაში.
პირველადი შედეგების მიხედვით, პაციენტების დაცულობა ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ, მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში მიიღწა.
„COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზის პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენი ვაქცინა COVID-19-ის პრევენციას ახდენს“, — ამბობს სპეციალურ განცხადებაში Pfizer-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა.
მისივე განცხადებით, ათასობით ადამიანში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ დამატებით მონაცემებს უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ყველაზე საჭირო ინოვაციისკენ, რომელიც ჯანდაცვის ამ გლობალურ კრიზისს ბოლოს მოუღებს. ამ კრიტიკულად საჭირო ეტაპს მაშინ მივაღწიეთ, როცა მსოფლიოს ეს ვაქცინა ყველაზე მეტად სჭირდება“, — ამბობს ბურლა.
კომპანიების განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1,3 მილიარდამდე გაზრდიან.
ამ ინფორმაციას გამოეხმაურნენ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
„მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ზრდაა. ვაქცინა მოდის, ბოლო მონაცემებით 90 პროცენტით ეფექტურია. შესანიშნავი ახალი ამბავია“, – წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ ტვიტერზე.
ბაიდენი ამ ინფორმაციას „შესანიშნავი ახალ ამბავს“ უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საყოველთაო ვაქცინაციამდე წინ რამდენიმე თვეა და ზომების დაცვა კვლავ აუცილებელია.
„დღეს გავრცელებული ახალი ამბავი არის შესანიშნავი სიახლე, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს. დღევანდელი სიახლე მომავალი წლის შეცვლის იმედს გვაძლევს, მაგრამ ახლა ჩვენი დავალება იგივეა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, კვლავ აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები