საფრანგეთის ქალაქ ლიონში მღვდელს 40 წლის ქართველმა ესროლა
შურისძიება ოჯახური ღალატის ნიადაგზე
ფრანგული მედიიის ინფორმაციით, ლიონში მართლმადიდებელი მღვდლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 40 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. დაკავებულმა აღიარა, რომ მამა ნიკოსს მან ესროლა ეჭვიანობის ნიადაგზე.
დანაშაული გასულ შაბათს ლიონში, მე-7 რაიონში, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მოხდა – 52 წლის ბერძენ მღვდელს ნიკოლაოს კაკაველაკისს, რომელმაც დღის 4 საათზე ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის კარი დაკეტა და წასვლას აპირებდა, ორჯერ ესროლეს. მღვდელი მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში, ღვიძლში. მას შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა 2-ლულიანი სანადირო თოფიდან ესროლა. და აი, ერთი კვირის თავზე საიდუმლოს ნათელი მოეფინა – თავდამსხმელი აღმოჩნდა 40 წლის გეორგი პ. (Georgi P.), საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ, 6 ნოემბერს ლიონის პირველ რაიონში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
საქმე ისაა, რომ მძიმედ დაჭრილი ბერძენი მღვდელი, ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, გასულ სამშაბათს კომიდან გამოვიდა და პოლიციას ჩვენება მისცა. მან ისაუბრა „ეჭვიან ქმარზე“. ამ ჩვენების საფუძველზე პოლიციამ კერძო დაპირისპირების მიმართულებით დაიწყო გამოძიება, გიორგი პ-ს ვინაობა დაადგინა და გუშინ დააკავა.
„World 24“ წერს, რომ მათი ინფორმაციით, მამაკაცმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ საქმე ეხება მეუღლის ღალატს. მამაკაცის თქმით, მისი ცოლი ბერძენი მღვდლის საყვარელი იყო, თუმცა დამნაშავე ამტკიცებს, რომ მღვდლის მოკვლას არ აპირებდა. გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილ მღვდელს ადრეც ბევრჯერ მოსვლია უსიამოვნება ადგილობრივ მართლმადიდებელ თემთან, იგი ცნობილი იყო თავისი რთული ცხოვრებით. გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით, მიუთითებს მის მკვეთრად გამოხატულ სექსუალობასა და ქალების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესზე.
გიორგი პ.-მ პოლიციას უთხრა, რომ დანაშაულის იარაღი მდინარე სონაში გადააგდო ლიონის პირველ რაიონში. მართლაც, დაკავებისას მას დანაშაულის დროს გამოყენებული იარაღი ვერ აღმოუჩინეს, თუმცა ჩხრეკისას სხვა იარაღი ამოიღეს. ვებპორტალის ინფორმაციით, ბერძენი მღვდლის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილ ქართველს ადრე პოლიციასთან უკვე ჰქონდა პრობლემები არარეგისტრირებული იარაღის ტარებისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის.
მისმა მეუღლემ პოლიციაში დაკითხვისას თქვა, რომ არ იცოდა ქმრის განზრახვის შესახებ, თუმცა დაადასტურა თავისი სასიყვარულო ურთიერთობა ბერძენ მღვდელთან.
მიმდინარეობს გამოძიება.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები