პოლიტიკასაბერძნეთი

ლოქდაუნი საბერძნეთში: რა წესები მოქმედებს?

შეზღუდვების ზომების დარღვევისთვის ჯარიმები გაორმაგდა

დღეიდან, 7 ნოემბრიდან საბერძნეთში მოქმედებს სამკვირიანი ლოქდაუნის წესები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია გაორმაგებული ჯარიმები.

კერძოდ, ნიღბის ტარების წესის დარღვევისა და დაუსაბუთებელი გადაადგილების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ევრო.

სამსახურის ყალბი ცნობის გამოყენების ფაქტზე ჯარიმა კიდევ უფრო იზრდება და 500 ევროს შეადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით დახურული კომერციული დაწესებულების გაღების შემთხვევაში მეპატრონე ჯარიმდება 5000 ევროთი.

მოქალაქის დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, ხელისუფლება მკაცრ ზომებს გაატარებს რეგულაციების დარღვევის აღსაკვეთად.

შეგახსენებთ, რომ სამსახურში წასვლის შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ დამსაქმებელის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა, სადაც მითითებული იქნება სამუშაო საათები.

რაც შეეხება სხვა მიზნებით გადაადგილებას, უნდა გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 13033 და ტექსტში დაწეროთ: შესაბამისი ციფრი ერთიდან ექვსამდე, სახელი-გვარი და მისამართი. ავტომატური პასუხის მიღების შემდეგ უკვე შეგიძლიათ ქუჩაში გასვლა.

ციფრი 1 აღნიშნავს: გადაადგილება აფთიაქში ან ექიმთან;

2 – პირველადი მოხმარების საგნების შეძენის მიზნით გადაადგილება (სასურსათო მაღაზია);

3 – საბანკო მომსახურების მიზნით გადაადგილება;

4 – საჭიროების მქონე ადამიანისთვის დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილება; ასევე, მოსწავლის სკოლაში მიყვანის მიზნით გადაადგილება;

5 – სარიტუალო ღონისძიებაში (დაკრძალვა) მონაწილეობისთვის გადაადგილება;

6 – სავარჯიშოდ ან შინაური ცხოველის გასეირნების მიზნით გადაადგილება.

აღსანიშნავია, რომ შემოწმების შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ თქვენი გადაადგილების მიზნის დამამტკიცებელი საბუთი. მაგალითად, მშობლებმა ბავშვის სკოლაში წასაყვანად სასწავლო დაწესებულებისგან უნდა მიიღონ შესაბამისი ცნობა, ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში უნდა გქონდეთ წინასწარ დანიშნული რანდევუ და ა. შ.

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ინფორმაციით, პარასკევს, 6 ნოემბერს ქვეყანაში  დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2448 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა  კიდევ 14 პაციენტი. ამ დროისთვის 196 კოვიდინფიცირებული მძიმე მდგომარეობაშია და მათ რეანიმაციაში მკურნალობენ.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close