იტალიაპოლიტიკა

კონტეს ახალი დეკრეტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ – მთელ იტალიაში კომენდანტის საათი იწყება (ვიდეო)

ლომბარდია, პიემონტი, კალაბრია, ვალე დ'აოსტა - „წითელი ზონები“

ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა ახალ დეკრეტს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. კიჯის სასახლეში თათბირი გუშინ გვიან ღამით გაიმართა. ახალი DPCM აწესებს რეგიონების დიფერენცირებული დაკეტვის რეჟიმს ინფიცირების რისკის დიაპაზონის შესაბამისად. ტერიტორიები დაიყოფა ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი საფრთხის დონეებად და მათთან დაკავშირებით შემოღებულ ზომებზე გადაწყვეტილება რეგიონების მთავრობების მონაწილეობით მიიღება. ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტული ტერიტორიების „დაკეტვის“ შესახებ დადგენილებას გამოსცემს მას შემდეგ, რაც შესაბამისი რეგიონების პრეზიდენტებთან გამართავს მოლაპარაკებას.

რეგიონებში რისკის დონის კლასიფიკაციის 21 პარამეტრი არ იცვლება, ისევე როგორც დაკეტვის „სისტემა“, იმ განსხვავებით, რომ საპარიკმახეროები არც „წითელ ზონებში“ დაიკეტება.

„წითელ ზონებში“ ბარები, რესტორნები და სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, სულ ცოტა, 2 კვირით იკეტება.

ახალი შემზღუდავი ზომები კონტეს მიერ წუხელ ხელმოწერილი დეკრეტის თანახმად ასეთია:

კომენდანტის საათი 5 ნოემბრიდან იტალიის მთელ ტერირორიაზე იმოქმედებს 22:00-იდან 5:00 სთ-მდე, ამ პერიოდში გადაადგილება აკრძალულია გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც არსებობს დადასტურებული სამსახურებრივი აუცილებლობა, გადაუდებელი სიტუაციები, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ამ მიზნით უნდა შეავსოთ თვითსერტიფიკატის სპეციალური ფორმა, რომელიც შს სამინისტროს საიტზეა (იგივე ფორმა, რაც უკვე იყო). პოლიციელები შემთხვევით შემოწმებას ჩაატარებენ და საპატიო მიზეზის არქონის შემთხვევაში მოქალაქის შესახებ ცნობას გადასცემენ შესაბამის სამსახურს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს დაბეჯითებით ურჩევენ მთელი დღის განმავლობაში შეიკავონ თავი საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით მგზავრობისგან – სამსახურის, სწავლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროების, აგრეთვე, გადაუდებელი მომსახურების ან ქმედებების გარდა. ეს დებულებები ახალი Dpcm-ს პირველად პროექტში ეწერა.

აკრძალულია გადაადგილება გაზრდილი რისკის ზონებში, რომლებიც მე-3 (ნარინჯისფერი) და მე-4 (წითელი) დონის საფრთხის შემცველ ტერიტორიებად კლასიფიცირდება. მაქსიმალურად გაზრდილი საფრთხის ზონებში კი აკრძალულია გადაადგილება როგორც ამ ტერიტორიების შიგნით, ისე მისი ფარგლების დატოვება. ეს შეიძლება შეეხოს მთლიანად რეგიონის ტერიტორიას ან მის ცალკეულ ნაწილებს. განსხვავება მე-3 დონის საფრთხის („ნარინჯისფერი ზონა“) და მე-4 დონის საფრთხის („წითელი ზონა“) ტერიტორიებს შორის ის არის, რომ „წითელ ზონაში“ იკრძალება გადაადგილება თვითონ ტერიტორიის შიგნითაც – მუნიციპალურ და პროვინციის დონეზე.

მაქსიმალური საფრთხის დონედ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებსა და პროვინციებში დაიკეტება მაღაზიები და ბაზრები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. იხურება ბარები და რესტორნები (გარდა კერძების გატანით მომუშავე ობიექტებისა, 22:00 სთ-მდე), წყდება სპორტული ღონისძიებები.

სახლთან სიახლოვეს დაშვებულია გადაადგილება და ინდივიდუალური სპორტული აქტივობა, ვარჯიში, თუმცა აუცილებელია ნიღაბი.

„ნარინჯისფერი საფრთხის“ (მე-3 დონე) ზონებში მაღაზიები არ დაიკეტება, თუმცა ბარები და რესტორნები ასეთ ტერიტორიებზეც შეწყვეტენ მუშაობას. ამ რაიონებში შეზღუდული იქნება ნებისმიერი გადაადგილება საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტით მუნიციპალიტეტებში (თუ იქ პირის მუდმივი საცხორებელი არ არის), სამუშაოს, სწავლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და პირველადი აუცილებლობის საჭიროების გარდა.

ახალი Dpcm-ს თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ადგილობრივი ავტობუსები და რეგიონული სარკინიგზო ტრანსპორტი) დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს (სასკოლო ავტობუსების გარდა).

მაქსიმალურად უნდა მოხდეს დაწესებულებების გადასვლა დისტანციურ მუშაობაზე და პერსონალის დიფერენცირება.

ნიღბის ტარება აუცილებელია დაწყებითი და შუა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის მაშინაც კი, თუ ისინი მერხთან სხედან. მაღალი კლასები და ლიცეუმები მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. ნიღბის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ისეთი პათოლოგიების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, რომელთა მდგომარეობა ნიღბის ტარებასთან შეუთავსებელია.

იკრძალება იტალიის დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერების რეისები. ეს წესი საკრუიზო გემებისთვის 8 ნოემბრიდან შედის ძალაში. უცხო ქვეყნის საკრუიზო გემებს იტალიურ პორტში შესვლა მხოლოდ „გაჩერებისთვის“ შეეძლებათ.

ახალი ზომები ითვალისწინებს სავაჭრო ცენტრების დაკეტვას გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში, იკეტება მუზეუმები და საგამოფენო ცენტრები.

ახალი დეკრეტით გათვალისწინებული შემზღუდავი ზომები ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი საფრთხის დონის ტერიტორიებისთვის 6 ნოემბრიდან შევა ძალაში (3 დეკემბრამდე გაგრძელდება). ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა კიჯის სასახლიდან. მთავრობამ გადაწყვიტა, დრო მისცეს ყველას საკუთარი მოქმედებების ორგანიზებისათვის.

დღეს 20:20 სთ-ზე რომის დროით კონტე პრესკონფერენციას ატარებს კიჯის სასახლეში, რათა „ახალი ზომების შესახებ გააკეთოს განმარტებები, ამის შესახებ პრემიერი თავის ტვიტერზე წერს.

ნინო ხოშტარია

კონტეს თქმით, ლომბარდია, პიემონტი, კალაბრია, ვალე დ’აოსტა – „წითელი ზონებია“.

„ყვითელი ზონები“, ზომიერი საფრთხით, მოიცავს აბრუცოს, ბაზილიკატას, კამპანიას, ემილია რომანიას, ლაციოს, ლიგურიას. ტოსკანა, მოლიზე, მარკე, სარდინია და ფრიული-ვენეცია ჯულიაც „ყვითელ ზონაში“ მოხვდნენ.

„ნარინჯისფერ ზონებად“, ინფიცირების საშუალოდ მაღალი რისკით, კლასიფიცირდა აპულია (იტ. puglia) და სიცილია.

ცნობისათვის: გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 550 შემთხვევა გამოვლინდა (211 831 ტესტის ჩატარების შედეგად), 352 ადამიანი გარდაიცვალა (მთლიანობაში – 39764). ეპიდემიის დაწყებიდან სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 790 377 შემთხვევა. ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 2292 კოვიდპაციენტის მდგომარეობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close