პოლიტიკასაქართველო

თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური იქნება – 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გადალახა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 17:30 სთ-ისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს „საარჩევნო კოდესით“ დაწესებული 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, შესაბამისად, 21 ნოემბერს თბილისში 8-ვე ოლქში მეორე ტური ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მიღებული ხმების რაოდენობით ოპოზიცია მხოლოდ ერთ – გლდანის მაჟორიტარულ ოლქში უსწრებს სახელისუფლებო კანდიდატს: საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კანდიდატს ნიკანორ მელიას ამ დროისთვის ხმების 44,77% აქვს, მის მთავარ კონკურენტს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს ლევან კობიაშვილს კი – 43,75%.

სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს მეორე ტურში თბილისის 8 ოლქიდან 3-ში საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან  – ნიკანორ მელია, ხატია დეკანოიძე (27,5%), ლევან ხაბეიშვილი (39,35%), ორ ოლქში – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“ კანდიდატები – შალვა შავგულიძე (29, 09%) და ელენე ხოშტარია (35,51%), ერთ ოლქში – ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი (20,8%), ერთ ოლქში – ალექსანდრე ელისაშვილი, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (18,9%), ერთ ოლქში – შალვა ნათელაშვილი „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (24,77%).

მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან მესამე შაბათს იმართება. 31 ოქტომბრის შემდეგ მესამე შაბათი 21 ნოემბერს უწევს.

მეორე ტურში საარჩევნო ბარიერი აღარ არსებობს და იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მე-10 მოწვევის პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით (პარტიული სიებით) შედის, 30 დეპუტატი კი – მაჟორიტარული მანდატით.

ცესკოს მონაცემებით, თბილისში არჩევნებში 54%-იანი აქტივობა დაფიქსირდა – დედაქალაქში რეგისტრირებული 1 003 353 ამომრჩევლიდან არჩევნებში ხმა მისცა 542 080-მა ამომრჩეველმა.

მთელი საქართველოს მასშტაბით კი აქტივობა 56,11% იყო – რეგისტრირებული 3 511 853 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება 1 970 540-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ნინო ხოშტარია

განახლებული ინფორმაცია: საღამოსთვის ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა და უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ დედაქალაქის 8-ვე ოლქში მეორე ტური გაიმართება. ერთადერთი მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც საბოლოო შედეგების მიხედვით მეორე ტურში ვერ მიიღებს მონაწილეობას ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან, დამოუკიდებელი დეპუტატი ანა დოლიძეა – ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ მას ზურაბ ჯაფარიძემ გაუსწრო („გირჩი“) და სწორედ იგი  დაუპირისპირდება გია ვოლსკის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

  • მთაწმინდა-კრწანისი – ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) – 44,81%, შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) – 29,45%,
  • ვაკე – ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) – 42,24%, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) – 35,55%;
  • ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) – 43,76%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 25,01%;
  • გლდანი – ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) – 43,88%, ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) – 42,69%;
  • სამგორი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება) – 45,87%, ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 39,18%;
  • ისანი – კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) – 46,74%, ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,23%;
  • დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი (ქართული ოცნება) – 42,69%, ზურა ჯაფარიძე (გირჩი) – 21,09%;
  • საბურთალო – დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) – 43,23%, ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) – 19,16%.

სტატია განახლებულია 22:30 სთ-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close