პოლიტიკოსების ნათელმირონობა – ვინ ვისი ნათლიაა?
ნათლობის საიდუმლო ეკლესიის 7 საიდუმლოდან ერთ-ერთია. მორწმუნეებს სწამთ, რომ ნათელმირონობის სულიერი კავშირი 9 თაობას უძლებს, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათელმირონობა ერთ თაობასაც კი ვერ უძლებს ხოლმე.
ხშირად პოლიტიკოსები შვილებს პოლიტიკურ პარტნიორებს ანათლინებენ, თუმცა პოლიტიკური მეგობრობის დასრულებასთან ერთად მათი ნათელმირონობაც სრულდება.
„დაიჯესტი“ ცნობილი პოლიტიკოსების ნათელმირონობის კავშირებზე მოგიყვებათ.
ცნობილია, რომ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბერას ნათლიაა.
ივანიშვილებისა და ჭოხონელიძეების ურთიერთობა 20 წელზე მეტს დროს ითვლის.
მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან მხოლოდ სიკეთე ახსოვს.
ახლა კი ჭოხენელიძეებისა და ივანიშილების ოჯახებს შორის დისტანცია გაჩნდა.
ბერა ივანიშვილი კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შვილების ნათლიაა.
ბერა ივანიშვილს რამდენიმე ნათლული ჰყავს, მათ შორის არიან თბილისის მერის, კახა კალაძის უფროსი ვაჟი ლევანიკო და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შვილი გაბრიელი.
ლევანიკო კალაძე 2011 წელს გაქრისტიანდა, ღარიბაშვილის ვაჟი კი 2015 წლის აგვისტოში მოინათლა.
ედუარდ შევარდნაძე ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის შვილების ნათლია იყო.
გაგიკვირდებათ და – საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მისი მთავარი ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდის ნათლია იყო. მიხეილმა სახელიც მის საპატივცემულოდ დაარქვა. ვინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ისინი ასე გადაემტერეობდნენ ერთმანეთს?
აგრეთვე, შევარდნაძის ცნობილი ნათლულები იყვნენ ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ჟვანიას შვილები, რომლებთანაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მან ურთიერთობა გაწყვიტა.
ედუარდ შევარდნაძე ანა კალანდაძემ და ილია მეორემ მონათლეს.
1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა. 1992 წელს შევარდნაძე მართლმადიდებლური წესით მოინათლა და ნათლობის სახელი გიორგი ეწოდა. რიტუალი მღვდელმა თეიმურაზ ბერიშვილმა შეასრულა. მისი ნათლიები იყვნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და პოეტი ანა კალანდაძე.
კომენტარები